მიხა პაპა - მთის სოფლის მარტოხელა მოსახლე და სამეგობრო, რომელიც მას ეხმარება

© Courtesy of Dea Soseliaგორშეღმა ხევსურეთი, სოფელი ორბეულთა
გორშეღმა ხევსურეთი, სოფელი ორბეულთა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხევსურეთის ერთ მთიან სოფელში, 70 წელს გადაცილებული კაცი, უკვე ოც წელზე მეტია მარტოდმარტო, ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ ცხოვრობს და სოფლის მიტოვებას არც აპირებს. მიხა არაბული - ეს სახელი და გვარი ორი წლის წინ, გადაცემა „იმედის გმირების“ შემდეგ გახდა ცნობილი.

ამის შემდეგ მისი ბედის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის არაფერია ცნობილი… ცოტამ თუ იცის, რომ ხევსურეთში ღვთის ანაბარად დარჩენილი სოფლის ამ ერთადერთ მოსახლეს ჯერ კიდევ 1992 წლიდან მოყოლებული ერთი თბილისური სამეგობრო პატრონობს…

ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე მიხა პაპასთან მათ პროდუქტები, წამლები, ტანსაცმელი და საკვები მიაქვთ. სულ ახლახან იგი ისევ ინახულეს. გადავწყვიტეთ, ეს ადამიანები გაგაცნოთ და თან მიხა პაპას ამბავიც გაცნობოთ. ამ სამეგობროდან უნივერსიტეტის ტურიზმის მარკეტინგის პედაგოგს, ერეკლე უგრელიძეს დავუკავშირდით.

© Courtesy of Dea Soseliaერეკლე უგრელიძე და მიხა არაბული
ერეკლე უგრელიძე და მიხა არაბული - Sputnik საქართველო
ერეკლე უგრელიძე და მიხა არაბული

- ბატონო ერეკლე, როგორ და როდის გაიცანით მიხა პაპა პირველად?

— ეს იყო 1992 წელს, როცა იმ ადგილებში ძალიან კარგი ადამიანი, ჩემი მეგობრის ძმა, გია გველესიანი დაგვეკარგა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის თურმე ზუსტად ამ სოფლების მიდამოებში, არხოტის გადასასვლელთან გარდაიცვალა. როცა ჩვენს მეგობარს ვეძებდით მიხა სწორედ მაშინ გავიცანით. მერე დავმეგობრდით, მივაქციეთ ყურადღება ამ კაცის ყოფას და გადავწყვიტეთ, როცა შევძლებდით, ყოველთვის დავეხმარებოდით. ჩვენი სამეგობრო ორ ათეულ წელზე მეტია უკვე აქ გაზაფხულზე და შემოდგომაზე, ზამთრის პირზე დავდივართ. მიხა არაბულის სოფელი ზეისტეჩო ხევსურეთშია და ადმინისტრაციულად დუშეთის რაიონს ეკუთვნის. ეს არის გორჩაღმა, ბუდე ხევსურეთი, საიდანაც არის წარმოშობით ყველა არაბული. იქ ათი ან უფრო მეტი სოფელია, სადაც ზამთარში არავინ რჩება. გამოსაზამთრებლად ყველა ბარში ჩამოდის და საქონელს მოერეკება. იქაურობა კი მარტო ამ ერთი ადამიანის იმედად რჩება.

- ვიცი, სულ ახლახან ინახულეთ მიხა არაბული და ამჯერადაც დაეხმარეთ მას…

— წელს „ავერსიდან“ მასთან წამლები გაგვატანეს. სანამ მიხას ელექტროენერგია არ ჰქონდა სანთელს ვუზიდავდით. ახლა ერთი ძალიან კარგი ადამიანის, კოტე კობახიძის დახმარებით, რომელიც მეორად ანუ ალტერნატიულ ენერგიაზე მუშაობს, მას სინათლე მზის ენერგიაზე გადავუყვანეთ. შემდეგ კი სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში ენერგიის ეს წყარო გააძლიერეს. მიხას სურვილი ჰქონდა, რადიოში ქართული ამბები მოესმინა და ბატონ კოტეს დახმარებით მას სატელიტური ანტენა და პატარა ტელევიზორიც ავუტანეთ. ახლა მიხას შეუძლია, ქართული გადაცემები ნახოს. სხვათაშორის ის ყოველთვის ცხოველი ინტერესით ადევნებს თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

© Courtesy of Dea Soseliaთბილისიდან ხევსურეთში ჩასული სამეგობრო
თბილისიდან ხევსურეთში ჩასული სამეგობრო - Sputnik საქართველო
თბილისიდან ხევსურეთში ჩასული სამეგობრო

- ბატონო ერეკლე, თქვენი სამეგობრო არ ტოვებს ამ ადამიანს ყურადღების გარეშე და მინდა მკითხველმა იცოდეს თქვენ შესახებ…

— ჩვენ ძირითადად მეგობრები და თანამოაზრეები ვართ: გია გველესიანის ძმა, ირაკლი გველესიანი, მამუკა აბრამიძე, მე,  ერეკლე უგრელიძე, მიხეილ მინდიაშვილი, გოჩა და გურანდა ფრუიძეები, გოგი ციციშვილი, ირაკლი ნოსელიძე, წელს ლევან წიქარიშვილი და მისი მეუღლე, დეა სოსელიაც იყვნენ წამოსულები- ისინი ხშირად დადიან ჩვენთან ერთად. პოეტმა ქეთი დოლიძემ როცა ეს ამბავი გაიგო სურვილი გამოთქვა და ისიც წამოვიდა. საერთოდ გორშეღმა ხევსურეთი ნაკლებადაა ცნობილი, ეს არ არის ისეთი ტურისტული მიმართულება ისეთი, როგორიცაა: შატილი, მუცო, არხოტი, იმიტომ, რომ აქეთ არავინ ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლამაზი მხარეა, მასზე არავინ იცის, მხოლოდ იქ მაცხოვრებლები დადიან. ახლა ერთი ოჯახი იქიდან წამოვიდა და ქვევით დამკვიდრდა. გიგლა არაბულის ოჯახი მხოლოდ ზაფხულში ადის, ზამთარში ივრის ხეობაში ჩამოდიან.

- მიხა პაპას საცხოვრებელი სახლი არ აქვს და ფაქტობრივად ღია ფარდულში ცხოვრობს, ვიცი, ამ პრობლემის მოგვარებასაც აპირებთ…

— დიახ, ასეა… როცა გარეთ თოვს, მასაც ისე ათოვს, იმიტომ რომ ეს ფარდული ფარღალალაა და იქ ბუნებრივია, ცივა. ჩვენ გვინდა, რომ მათ სახლის პრობლემა გადავუწყვიტოთ. ამ საკითხზე პრეზიდენტსაც შევხვდი და ის დამპირდა დახმარებას. ამბობენ, მალე ბაზარზე პატარა, ასაწყობი სახლები გამოჩნდება. ჩვენ შევხვდებით მის მესვეურებს და ავუხსნით სიტუაციას. იქნებ, ამ ადამიანის პრობლემა გულთან ახლოს მიიტანონ… სურვილი ყოველთვის გვქონდა, რომ მიხასთვის პატარა ვაგონი გვეყიდა. პრობლემა უგზოობაშიცაა- ორი კილომეტრი ხეობაში უნდა ჩავიდეთ და მერე ისევ ფეხით ვიაროთ. ოღონდ ამ ზამთარში ვეღარ მოვახერხებთ, მალე მოთოვს და იქ გზები ჩაიკეტება…

- რითი ხსნის მიხა პაპა იმ ამბავს, რომ იქიდან არ მოდის, რა აძლებინებს მარტოდმარტო?

— ჯერ ერთი, ალბათ გარკვეული თვალსაზრისით, სიმშვიდეში მარტო ცხოვრება უკვე ჩვევად ჩამოუყალიბდა. მას მეუღლე და ოჯახის წევრი ყველა გარდაეცვალა, შვილი კი არ ჰყოლია. მეორეც, ასე ცხოვრებას ძალიან მარტივად ხსნის: აქ ჩვენი სალოცავებია, ჩვენი ხატია, როგორც ხევსურები ამბობენ, ჯვარ-ჯვარის კარია და ამიტომ ვიღაც აუცილებლად უნდა იყოს, ამ სოფლის უპატრონოდ მიტოვება არ შეიძლებაო. წუხს, რომ უყურადღებოდაა მიტოვებული, მის მიმართ მეტი გულისხმიერება, სიყვარული და ყურადღებაა საჭირო. მასთან საუბარი ძალიან საინტერესოა, ასეთი გამოთქმაა: ბავშვი ტირილში იზრდება და ადამიანი ფიქრშიო, მიხას კი —ფიქრისთვის ძალიან ბევრი დრო აქვს…

 

ყველა ახალი ამბავი
0