თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარ ხანძართან დაკავშირებით საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ სირაძემ განცხადება გააკეთა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
„მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება 243-ე მუხლით. წინასწარი მონაცემებით, კიბე, რომელიც შენობაშია, ვერ აკმაყოფილებდა სახანძრო უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც კი, შესაბამისად, საგანგებო სიტუაციის დროს მისი გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო“, – განაცხადა ნიკოლოზ სირაძემ.
სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სასტუმროში სახანძრო სისტემა და კიბეც არის. მანამდე კი აჭარის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა თურმანიძემ განმარტა, რომ სახანძრო კიბის არსებობას გამოძიების დამთავრებამდე ვერ დაადასტურებს.
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი გუშინ, დაახლოებით 20:00 საათისთვის გაჩნდა. ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 11 ადამიანი, მათ შორის, საქართველოს 10, ხოლო ირანის – ერთი მოქალაქე.
ხუთვარსკვლავიანი „ლეოგრანდი“ ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური სასტუმროა ბათუმში. ის 2015 წელს ზღვის სანაპიროზე პორტის მახლობლად აშენდა და მისი მშენებლობა 35 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.
ცნობილია, რომ რამდენიმე თვის წინ შსს–ს სამაშველო სამსახურმა ეს სასტუმრო იმის გამო დააჯარიმა, რომ შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა არ არსებობდა. სასტუმროს გარკვეული კრიტერიუმების შეუსაბამობის გამო, 2017 წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უწყების სარეკომენდაციო ნიშანი არ მიუღია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.