თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ბათუმის სასტუმრო „ლეო გრანდის“ ლიფტში შვიდი გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა შენობაში არის სახანძრო სისტემაცა და კიბეც, აცხადებს სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის ეთერში.
მისი თქმით, ადამიანებს სახანძრო კიბემდე მისვლაში ხელი ძლიერმა დაკვალიანებამ და ასევე პანიკამ შეუშალა. სწორედ ამის გამო აღმოჩნდა 7 ადამიანი ლიფტში, სადაც ისინი იპოვეს კიდეც გარდაცვლილები.
„პანიკის მომენტი იყო, თორემ ორი ისეთი გასავლელი იყო, საიდანაც შეიძლებლოდა გასულიყვნენ, კვამლის გამო ვერ მიაგნეს,“ — განაცხადა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა.
თუმცა მანამდე აჭარის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა თურმანიძემ ტელეკომპანიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სახანძრო კიბის არსებობას გამოძიების დამთავრებამდე ვერ დაადასტურებს.
„ვერ დავადასტურებ, სანამ გამოძიება არ დამთავრდება,“ — თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ მანამდე მედიით ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ლეო გრანდს“ არც სახანძრო კიბე გააჩნდა და არც შესაბამისი სახანძრო სისტემა.
ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო ერთი ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.
ცნობილია, რომ რამდენიმე თვის წინ აჭარის ტურიზმის სააგენტომ ეს სასტუმრო იმის გამო დააჯარიმა, რომ შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა არ არსებობდა.
სასტუმრო „ლეო გრანდს“, გარკვეული კრიტერიუმების შეუსაბამობის გამო, 2017 წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უწყების სარეკომენდაციო ნიშანი არ მიუღია.
იხილეთ ასევე: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი: სასტუმრო „ლეო გრანდს“ რეკომენდაციის ნიშანი არ ჰქონდა >>>
ხუთვარსკვლავიანი Leo Grande ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური სასტუმროა ბათუმში. ის 2015 წელს ზღვის სანაპიროზე პორტის მახლობლად აშენდა.
აჭარის მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, 182-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელშიც არის საპრეზიდენტო აპარტამენტი, კონფერენც-დარბაზები და სპა-ცენტრი, 35 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.