თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 11 ადამიანიდან ათი საქართველოს, ხოლო ერთი ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, განცხადებას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ხანძარი ბათუმში მდებარე ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ლეო გრანდში“ პარასკევს საღამოს გაჩნდა. სასტუმროში ასევე იმყოფებოდნენ კონკურს „მის საქართველოს“ მონაწილეებიც.
ხანძრის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოებში 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 120 მეხანძრე-მაშველი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 200-მდე თანამშრომელი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შემთხვევის ადგილზე ასევე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს, რომელთაგან 5 თურქეთის, ერთი კი ისრაელის მოქალაქე იყო.
„პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 3 პაციენტი უკვე გაწერილია სამედიცინო დაწესებულებიდან, დანარჩენი პირები კი ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში არიან გადანაწილებული“, — იტყობინება შსს.
დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 1 მეხანძრე-მაშველი. ყველა დაშავებული ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Leo Grande, რომელშიც ხანძარი მოხდა, ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელურია ბათუმში. ის 2015 წელს ზღვის სანაპიროზე, პორტის მახლობლად აშენდა.
აჭარის მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, 182-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელშიც არის საპრეზიდენტო აპარტამენტი, კონფერენც-დარბაზები და სპა-ცენტრი, 35 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.
რამდენიმე თვის წინ აჭარის ტურიზმის სააგენტომ ეს სასტურმო იმის გამო დააჯარიმა, რომ შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა არ არსებობდა.
ეს არ არის პირველი ხანძარი აჭარის სასტუმრო სექტორში, რომელმაც ადამიანების სიკვდილი გამოიწვია. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ორი წლის წინ ქობულეთში მოხდა — 2015 წლის 10 მაისს ხანძრის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა სასტუმრო „არმაზში“, სადაც რუსთავიდან ბავშთა ფოლკლორული ანსამბლი „სიხარული 2“ დაბინავდა. ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოსვლა 45-მა ადამიანმა მოახერხა, მათგან 31 მოზარდი იყო.