შევეცდებით ახლოს გაგაცნოთ ქართველი კონკურსანტი, რომელსაც მუსიკის გარდა იტაცებს ხატვა, ცეკვა, ჭადრაკი, ცურვა, ძალიან უყვარს ფეხბურთი. სამომავლო გეგმები კი კვლავ მუსიკას უკავშირდება. „Sputnik საქართველო“ გრიგოლ ყიფშიძეს წარმოგიდგენთ:
— რაც თავი მახსოვს, მუსიკა ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი დოზით იყო. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი მშობლების დამსახურებაა, რადგან ისინიც მუსიკასთან ძალიან მჭიდროდ არიან დაკავშირებული. ისინიც მღერიან სხვადასხვა ბარებსა და კლუბებში. რა თქმა უნდა, ჩემმა მშობლებმა თავიდანვე აღმოაჩინეს, რომ მუსიკისადმი დიდი ინტერესი მქონდა, ამიტომ ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ჩემი ნიჭი და შესაძლებლობები უფრო გაღრმავებულიყო.
ექვსი წლის გავხდი თუ არა, მაშინვე შემიყვანეს ხელოვნების მე–6 სკოლაში ფორტეპიანოს განხრით და ფოლკლორის ეროვნულ სკოლაში გიორგი უშიკიშვილის ხელმძღვანელობით. შემდეგ, ცხრა წლის ასაკში შევედი ვოკალის აკადემიაში ბუკა კარტოზიას ხელმძღვანელობით, რომელიც ახლა ჩემი პროდუსერია.
- მოგვიყევით თქვენს შესახებ, რომ უფრო ახლოს გაგიცნოთ თქვენმა გულშემატკივრებმა.
— დავდივარ თბილისის 24–ე საჯარო სკოლაში და ვარ მე–7 კლასში. მუსიკის გარდა მიტაცებს ხატვა, ცეკვა, ჭადრაკი, ცურვა. ძალიან მიყვარს ფეხბურთი და ვარ ბარსელონას სერიოზული ფანი.
- „ევროვიზიისთვის" მზადება ხელს არ გიშლით სწავლაში?
— კი, რა თქმა უნდა ძნელია პარალელურად სწავლა, რადგან ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ ჩემი სკოლა და მასწავლებლები ძალიან მიდგანან მხარში და მეხმარებიან.
- X Factor-ის ფინალისტი ხართ. რა მოგცათ ამ პროექტმა?
— ჩემთვის X Factor-ი ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან ფინალში მეორე ადგილზე გავედი. ეს პროექტი იმით იყო გამორჩეული, რომ ჩემი კონკურენტები იყვნენ ჩემზე უფროსი და გამოცდილი ადამიანები. ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო — ჩემს შესაძლებლობებში უფრო დამარწმუნა, დიდი გამოცდილება და რაც მთავარია აღიარება მომცა და ამდენი ხალხის სიყვარული, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის.
- მეგობრები რამდენად გიდგანან მხარში, როგორ გამხნევებენ?
— ჩემი მეგობრები ყოველთვის მხარში მიდგანან. ასე იყო X Factor-ის დროსაც და რა თქმა უნდა, ახლაც. მამხნევებენ და მთლიანად ჩართულები არიან ჩემს გამარჯვებაში, მით უმეტეს, რომ წელს ონლაინ–შეფასება იქნება და დიდი მხარდაჭერა გვჭირდება.
- როგორ ფიქრობთ თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვინ არის?
— რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი. ჩემი მშობლები და ჩემი და.
- ხშირად ითვალისწინებთ მათ აზრს?
— დიახ, რა თქმა უნდა. მით უმეტეს, რომ მათი აზრი ძალიან კომპეტენტური და მნიშვნელოვანია ჩემთვის.
- როგორ გადაწყვიტეთ, ვისი იდეა იყო „ევროვიზიის“ შესარჩევ კონკურსში მიგეღოთ მონაწილეობა?
— სხვათაშორის ეს იდეა ჩემი გულშემატკივრებიდან წამოვიდა. ძალიან ბევრი მწერდა პირადად და ისე კომენტარებშიც, რომ კარგი იქნებოდა თუ გავიდოდი ამ კონკურსზე საქართველოს სახელით და რა თქმა უნდა, ეს ერთობლივი გადაწყვეტილება იყო.
- ელოდით, რომ შეგარჩევდნენ?
— მოლოდინი მქონდა, თუმცა, დარწმუნებული არ ვიყავი.
- რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა გაიგეთ, რომ „ევროვიზიაზე" საქართველოს წარადგენდით?
— ძალიან გამიხარდა, რადგან ეს არის დიდი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა. იმედია, არ გავუცრუებ ჩვენ ხალხს მოლოდინს.
- რა დატვირთვით ემზადებით კონკურსისთვის?
— რა თქმა უნდა, ყოველდღიური დატვირთვით ვმუშაობთ, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნო დაღლაა.
- მოლოდინი როგორი გაქვთ?
— პროგნოზების გაკეთება არ მიყვარს. მთავარია ღირსეულად წარვდგე მაყურებლის წინაშე. რა თქმა უნდა, წელს ორმაგად რთული იქნება მოგება, რადგან საქართველოს უკვე რეკორდი აქვს დამყარებული და სამჯერ აქვს მოგებული ეს კონკურსი. თან ზედიზედ გამარჯვება მასპინძელ ქვეყანაში ცოტა არ იყოს რთული იქნება, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ.
- ცხოვრებაში რა გეგმები გაქვთ?
— მე ვფიქრობ, რომ მუსიკას გვერდს ვერ ავუვლი და აუცილებლად გავიღრმავებ ცოდნას ისევ მუსიკის მიმართულებით. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ამერიკაში გავაგრძელო სწავლა. იმედია შევძლებ ამის განხორციელებას. ჯერჯერობით სხვა პროფესიაზე არ ვფიქრობ.