თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქმიანი ტურიზმის სტრატეგიის შემუშავება დაიწყო, ნათქვამია ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ავსტრიელ ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა, რომელიც თბილისში ქვეყანაში საქმიანი ტურიზმის ვითარებითა და ამ მიმართულებით სტრატეგიის შემუშავების მიზნით იმყოფებიან.
პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საქმიანი ტურიზმის სტრატეგია წლის ბოლოს იქნება მზად. ავსტრიელ ექსპერტთა ჯგუფი დაგეგმილი სამუშაოების შესაფასებლად საქართველოს დეკემბერის მეორე ნახევარში კვლავ ესტუმრება, ისინი დარგის განვითარების ახალ გეგმებს განიხილავენ.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაზე ფუნქციონირებს საკონვენციო და საგამოფენო ბიურო, მისი მთავარი ამოცანაა საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარება. დღეს ჩვენ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ვიწყებთ ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ავსტრიელი ექსპერტები შეიმუშავებენ საქმიანი ტურიზმის სტრატეგიას", — განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარების მოსამზადებელ სამუშაოებს ასევე ეცნობა ავსტრიული კომპანია ENITE-ი. კომპანიის დირექტორის ივო ფრანჩიზის განცხადებით, ისინი აღნიშნული მიმართულებით საქართველოს ბაზრის აქტიურ შესწავლას აწარმოებენ.
„ჩვენ ვიკვლევთ ახალ ტურისტულ მიმართულებას. სამი დღეა ვსწავლობთ თუ რისი შეთავაზება შეუძლია საქართველოს საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, ასევე ვხვდებით კომპანიების წარმომადგენლებს, რომ მოვისმინოთ მათი მოსაზრებები, მათი შენიშვნები. ვეცნობით ინფრასტრუქტურასაც. ჩვენი მიზანია თქვენს ქვეყანაში ხალხი აქტიურად ჩაერთოს საქმიან ტურიზმში და მიიღოს სარგებელი", — განაცხადა ფრანჩიზმა.