საიდან დაიწყო ყველაფერი - თბილისში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დეტალები

გამოწერა
ტერორიზმში ბრალდებულებმა უარი განაცხადეს ბინის კარის გაღებაზე და ხელყუმბარები ააფეთქეს

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული მრავალსაათიანი ანტიტერორისტული ოპერაციის დეტალები გაასაჯაროვა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრტერორისტული დეპარტამენტის ოპერაცია ოთხშაბათს ღამით დაიწყო და თითქმის 17:00 საათამდე გაგრძელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში მიდიოდა ორმხრივი სროლა და ისმოდა აფეთქების ხმები. დაიწვა რამდენიმე ბინა, სადაც შესაძლო ტერორისტები იმალებოდნენ. მანამდე ოთხიდან ერთ-ერთი ბრალდებული სპეცოპერაციის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს.

„სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ს.დ. ქ.თბილისში, 2017 წლის 21 ნოემბერს დააკავეს. დაკავებისას მას მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები აღმოაჩნდა. ს.დ.-ს დაკავების შემდგომ, ქ.თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მყოფმა სამმა ტერორისტმა უარი განაცხადა სამართალდამცველთა მოთხოვნაზე — ბინის კარის გახსნასა და იარაღის ჩაბარებაზე. მათ ააფეთქეს ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღებიდან სამართალდამცველების მიმართ გახსნეს ინტენსიური ცეცხლი", — ნათქვამია პროკურატურის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ამ დროს ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო საქართველოს შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) სპეციალური დანიშნულების რაზმის ხუთმა წევრმა, ხოლო ერთი მათგანი მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.

სპეცოპერაციის შედეგები - Sputnik საქართველო
შტურმის შემდეგ: როგორ გამოიყურება სახლი, რომელსაც ტერორისტები აფარებდნენ თავს

„გამოძიებით დადგინდა, რომ ს.დ. სამ თანამზრახველთან ერთად ქ.თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დაბინავდა, სადაც ის და მისი თანამზრახველები მართლსაწინააღმდეგოდ, ტერორისტული მიზნით შეძენილ დიდი რაოდენობით ფეთქებად ნივთიერებებს, საბრძოლო მასალას, ასაფეთქებელ მოწყობილობებს და ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდნენ", — აღნიშნეს პროკურატურაში.

ბრალდებულთან მიმართებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტორილისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება ან ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება" და „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი ნივთიერებების კანონსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადატანა, გაგზავნა ან გაყიდვა", რაც 10-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთლიანობაში სუს-ი საქმეს იძიებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის მესამე ნაწილით და 3231-ე მუხლის პირველი ნაწილით და 328-ე მუხლით.

ყველა ახალი ამბავი
0