თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. შრომითი უნარების განვითარების ახალი პროგრამა მოსწავლეებს საშუალებას მისცემს მოსინჯონ სხვადასხვა პროფესია და შეიძინონ საჭირო საბაზო უნარები, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული პროექტი სკოლის მოსწავლეებში პროფესიული განათლების პოპულარიზაციას და პროფესიული პროგრამების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ემსახურება. მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და ამ ეტაპზე ჩართული არიან საჯარო სკოლების VII, VIII და IX კლასის მოსწავლეები.
როგორც „Sputnik-საქართველოს" განათლების სამინისტროდან აცნობეს, შრომითი უნარების ახალ პროგრამაში ჩართვის შესახებ განაცხადი ავტორიზებულმა პროფესიულმა საგანმანათლებლო სასწავლებლებმა წარადგინეს. მათ საჯარო სკოლებთან გააფორმეს თანამშრომლობის მემორანდუმი და კონკურსის საფუძველზე შეარჩიეს 200 პროექტი.
შერჩეული პროექტები განხორციელდება 138 საჯარო სკოლაში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. შრომითი უნარების განვითარების გაკვეთილებში/კურსებში ჩაერთვება სულ 3306 მოსწავლე.
ახალი ინიციატივის რამდენიმე პროგრამა უკვე ამოქმედდა. პირველი ეტაპი ოქტომბერში დაიწყო დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება, 2018 წლიდან კი იგეგმება მეორე ეტაპის განხორციელებაც.
სკოლის მოსწავლეებისთვის შრომითი უნარების განვითარების პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობით ხორციელდება.
ხატია გიგოლაშვილი