თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 4 დეკემბერს მოსკოვში გამგზავრებასა და რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებულ დღესასწაულში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით მიწვევა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილისგან მიიღო. გზავნილი კათოლიკოს-პატრიარქს პირადად გადასცა რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა ილარიონ ალფეევმა, რომელიც ამისთვის ნოემბრის დასაწყისში ერთი დღით თბილისში ჩამოვიდა.
ილია მეორემ მაშინ განცხადებით, რომ ის დაესწრება რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, თუ მას ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს შეუწყობს.
„პატრიარქი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსკოვში წასვლას ვერ შეძლებს. უწმინდესი თავს ნორმალურად გრძნობს, მაგრამ ასეთ ყინვაში წასვლა, რა თქმა უნდა, მისთვის რთული იქნება", — განაცხადეს საპატრიარქოში.
მოსკოვში გაემგზავრება ქართული დელეგაცია. პატრიარქის თანამოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს გამგზავრება ვერ მოხერხდება, რადგან დელეგატების სია მანამდე შედგა, სანამ პატრიარქი მას თანამოსაყდრედ დაასახელებდა.