თბილისი, 24 ნოემბერი— Sputnik. ბუნებრივი აირის მიწოდება ყველა იმ მრავალბინიან კორპუსში აღდგა, რომელიც ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარეობს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ — თბილისის“ ტექნიკურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრტერორისტული დეპარტამენტის ოპერაცია ოთხშაბათს ღამით დაიწყო და თითქმის 17:00 საათამდე გაგრძელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში მიდიოდა ორმხრივი სროლა და ისმოდა აფეთქების ხმები. დაიწვა რამდენიმე ბინა, სადაც შესაძლო ტერორისტები იმალებოდნენ. მანამდე ოთხიდან ერთ-ერთი ბრალდებული სპეცოპერაციის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. ყველა მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
„სპეცოპერაციის დროს ცენტრალური გაზგამანაწილებელი სადგური გავთიშეთ, რომელიც იქვე ახლოს მდებარეობს, რამაც ბუნებრივი აირის გათიშვა დამატებით სხვა კორპუსებში გამოიწვია. სულ სპეცოპერაციის დროს 16 კორპუსი გაითიშა. ამ ეტაპზე ბუნებრივი აირის მიწოდება ყველა კორპუსში აღდგა“, — განაცხადა თამაზაშვილმა.
შენობაში, სადაც ტერორიზმში ბრალდებულები იმალებოდნენ, დაზიანდა ძელი, რომელიც უკვე შეცვლილია.
„ვადასტურებთ, რომ დაზიანებები იყო, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაფერი აღდგენილია. გაზი მხოლოდ იმ სადარბაზოშია გათიშული, რომელშიც უშუალოდ ტარდებოდა ოპერაცია და რომელშიც ამ ეტაპზე მოსახლეობა არ ცხოვრობს. როდესაც იქნება ექსპერტიზის დასკვნა და მოსახლეობა სახლებში დაბრუნდება, გაზის მიწოდება აღდგება“, — აღნიშნა თამაზაშვილმა.
მედიის მონაცემებით, სადარბაზო, რომელშიც ტერორიზმში ბრალდებულები იმალებოდნენ, მთლიანად ამორტიზებულია. მობინადრეებს მხოლოდ პირადი ნივთების წასაღებად უშვებენ. კორპუსის მიმდებარე პერიმეტრს სპეცრაზმი და პოლიციის თანამშრომლები ჯერ კიდევ აკონტროლებენ.
სპეცოპერაციის დროს კორპუსიდან მობინადრეების ევაკუაცია მოხდა. თბილისის მერიამ ისინი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო.