თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხუთშაბათს ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტში, იუწყება მთავრობის მეთაურის პრეს–სამსახური.
კვირიკაშვილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის პლენარული სხდომის წევრების წინაშე სიტყვით პარასკევს გამოვა და საქართველოს მიღწეულ პროგრესზე ისაუბრებს.
სამიტზე განიხილება „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამით გათვალისწინებული რეფორმებისა და პროგრამების იმპლემენტაციის პროცესი, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯები.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.
პროექტი „აღმოსავლეთის პარტნიორობა" ევროკავშირისა და ექვსი ქვეყნის – აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ არის მიმართული. ბოლო სამმა ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 2014 წელს მოაწერა ხელი.
2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
მიმდინარე წლის 28 მაისიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტების განსახორციელებლად ვიზები გააუქმა.