თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის წინ 20 წინადადებას გაახმოვანებს, რომლებიც ორგანიზაციის წევრებმა 2020 წლამდე უნდა შეასრულონ, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ფედერიკა მოგერინიმ ვიდეომიმართვაში.
ესტონეთში 25-27 ოქტომბერს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების კონფერენცია და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მეცხრე ყოველწლიური ასამბლეა იმართება.
„ერთი თვის შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიმართება. მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ სამიტი დღეს ტალინში ჩვენი შეხვედრებიდან იწყება. იმიტომ რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ჩვენს აღმოსავლელ პარტნიორებთან ერთად ვაკეთებთ, ეს ჩვენი და თქვენი ქვეყნების მოსახლეობისთვის კეთდება. და ჩვენზე უკეთ არავინ იცის, რა სჭირდებათ და რისკენ ისწრაფვიან ჩვენი ხალხები. ამიტომ აუცილებლად უნდა გამოხატოთ აზრი", — განაცხადა მოგერინიმ ღია ფორუმისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში.
ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ესტონეთს მადლობა გადაუხადა სამიტის წინ ფორუმის მონაწილეთა მოსაზრებების მოსმენის შესაძლებლობისთვის და აღნიშნა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა" მოწოდებულია თანამშრომლობისთვის და არა მის წინააღმდეგ.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა – არ არის გეოპოლიტიკა ან გავლენების სფეროების შესახებ. ის არის იმისთვის, რომ შევქმნათ რეალურად პოზიტიური განსხვავება ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაში. ის თანამშრომლობისთვისაა და არა მის წინააღმდეგ. ის არის თანამშრომლობა ეკონომიკისა და ვაჭრობისთვის, მაგრამ უპირველესად ის არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონიერებისთვის", — აღნიშნა მოგერინიმ.
მოგერინიმ განაცხადა, რომ სამიტზე განსახილველ ძირითად საკითხებს შორის იქნება ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ, მედიაგარემოს გაუმჯობესების, კორუფციის წინააღმდეგ და გამჭვირვალობისთვის ბრძოლის საკითხები.
„ჩვენ წარმოგიდგენთ 20 კონკრეტულ წინადადებას, რომელიც 2020 წლამდე უნდა შესრულდეს. ეს მართლაც ამბიციური პროგრამაა და მისი წარმატებისთვის თქვენი დახმარება და საერთო ძალისხმევაა საჭირო", — აღნიშნა მოგერინიმ.
მიმართვის დასასრულ მოგერინიმ მადლობა გადაუხადა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მათი საქმიანობისა და შეტანილი წვლილისთვის.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი ბრიუსელში 24 ნოემბერს გაიმართება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ღონისძიებაზე მიწვევა უკვე მიიღო.
პროექტი „აღმოსავლეთის პარტნიორობა" ევროკავშირისა და ექვსი ქვეყნის – აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ არის მიმართული. ბოლო სამმა ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 2014 წელს მოაწერა ხელი.