თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით შსს-სა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა მცხეთის შესასვლელთან 4 პირი დააკავეს, იუწყება შსს–ს პრეს–სამსახური.
გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 22 ნოემბერს თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 1984 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ხელ-ფეხშეკრული ავტომანქანის საბარგულში მოათავსეს და განთავისუფლების სანაცვლოდ მისი ოჯახის წევრებს 7 000 ლარი მოსთხოვეს.
უწყების ცნობით, პოლიციის თანამშრომლებმა ვ. მ. უვნებლად გაათავისუფლეს.
გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
შოთა ნოზაძე