თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. სამშენებლო კომპანია "სვეტის" დირექტორის გივი ჯიბლაძის გატაცებაში ბრალდებულ ოთხ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, განუცხადა "Sputnik-საქართველოს" სასამართლოს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.
თბილისსა და მცხეთაში გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ოთხი პირია დაკავებული. გამოძიების მონაცემებით, ბოროტმოქმედებმა კომპანია "სვეტის" დირექტორი გაიტაცეს, რომელსაც 150 000 აშშ დოლარს სძალავდნენ და მისგან აგრეთვე ბაკურიანში იმ მიწის ნაკვეთის მათზე გადაფორმებას მოითხოვდნენ, სადაც კომპანია ობიექტის აშენებას გეგმავდა.
ორი დაკავებულის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფთა გათავისუფლებისთვის 20 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ, კიდევ ორის — 30 000 ლარის, თუმცა სასამართლომ მათი შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.
"არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სტანდარტი, მეტიც, არსებობს ჩანაწერები, რომლებიც დაცვის მხარეს გადაეცა. ეს პირდაპირი მტკიცებულებებია, რომლებიც ოთხივე ბრალდებულის ბრალზე მიუთითებს. ჩაწერილია საუბრები, სადაც რიგი ფაქტორები პირდაპირ იკვეთება. რა თქმა უნდა, აღნიშნულ სამხილებზე დეტალურად საუბარი ახლა არ შეგვიძლია", — განუცხადა პროკურორმა ნიკოლოზ ნინიძემ ჟურნალისტებს.
საქმეზე წინასწარი მოსმენა 31 ივლისს ჩაინიშნა. დაკავებულთა ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში აპირებენ.
"ვფიქრობ, ჩვენ მიერ წარმოდგენილი არგუმენტები სავსებით საკმარისი იყო, რათა დარწმუნებულიყო მოსამართლე, რომ პატიმრობის გამოყენება ბრალდებულთა მიმართ აუცილებლობას არ წარმოადგენდა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, მან გადაწყვეტილება გამოიტანა და პატიმრობა შეუფარდა", — განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა იოსებ ხარატიშვილმა.
ჯიბლაძის გატაცების საქმე რეზონანსული მას შემდეგ გახდა, რაც მან განაცხადა, რომ გამტაცებლები ზურაბ წერეთლის წარმომადგენელთან არიან კავშირში.
გარდა ამისა, მოგვიანებით საქმის სხვა დეტალებიც გახდა ცნობილი. ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა დაადგინეს, რომ ჯიბლაძის გატაცებაში ბრალდებულმა პირებმა 10 თვის წინ სხვა სამშენებლო კომპანიის "კიდ არქიტექტურის" დამფუძნებელი ნიკა შავიშვილიც გაიტაცეს, რომელიც ასევე ზურაბ წერეთლის ბიზნეს-პარტნიორი იყო.
ჯიბლაძის გატაცების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით "გამოძალვა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით" და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით "წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთა", რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 10 წლამდე.