თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. რუსეთმა შემოიღო ვიზების ახალი ტიპი, რომელიც ოთხი თვის ვადით გაიცემა, აღნიშნულია რუსეთის მთავრობის ვებ–გვერდზე განთავსებულ დადგენილებაში.
დოკუმენტის შესაბამისად, ახალი ტიპის ვიზა სჭირდებათ უცხოეთის მოქალაქეებს იმისთვის, რომ შევიდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე დროებითი საცხოვრებლის ნებართვის მიღების უფლებით. ასეთი ვიზა მხოლოდ ერთჯერადად შეიძლება გაიცეს.
„Sputnik–ტაჯიკეთი“ დაინტერესდა, რისთვის დასჭირდა რუსეთის ხელისუფლებას დოკუმენტების ახალი ტიპი, უცხოეთის რა კატეგორიის მოქალაქეებზეა ის გათვლილი და ამისთვის ექსპერტებს გაესაუბრა.
ფედერალური მიგრაციული სამსახურის დირექტორის ყოფილი მოადგილის, ვლადიმირ პოსტავნინის განცხადებით, რუსეთში ჩასასვლელად და ცხოვრების უფლების მისაღებად ადამიანები აფორმებდნენ ხელმისაწვდომ დოკუმენტებს – სამუშაო ვიზას, ტურისტულს, საქმიანს, სტუდენტურსაც კი. ეს კი საკანონმდებლო და სამართლებრივი კუთხით ხშირად აბსურდულ სიტუაციას ქმნიდა.
„უცხოეთის მოქალაქეს, ერთი მხრივ, შეეძლო რუსეთში დარჩენა – დროებითი ცხოვრების უფლება მას ჰქონდა, მეორე მხრივ კი, ვიზის ვადის ამოწურვის გამო მას ქვეყანა უნდა დაეტოვებინა“, – განაცხადა პოსტავნინმა.
ამგვარი იურიდიული წინააღმდეგობა ბადებდა კორუფციის შემთხვევებს, აღნიშნა ექსპერტმა.
რუსეთის მიგრანტთა ფედერაციის პრეზიდენტის, ვადიმ კოჟენოვის აზრით, შესწორებები მოქმედ კანონში იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის მიიღეს, რომელთათვის რუსეთის ვიზა ქვეყანაში ჩასვლისთვის აუცილებელია.
„დადგენილება, დიდი ალბათობით, საზღვარგარეთიდან თანამემამულეების რუსეთში დაბრუნების პროგრამას უკავშირდება. ეს სავიზო ქვეყნებიდან მოქალაქეებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნისთვის გაკეთდა, რათა ადამიანმა მშვიდად შეძლოს ჩამოსვლა, დოკუმენტების ჩაბარება დროებითი საცხოვრებლის უფლების მიღებისთვის, რომელსაც ორი თვის განმავლობაში გაიხილავენ. და ამ დროის განმავლობაში კანონიერად იცხოვროს“, – აღნიშნა კოჟენოვმა.
ეს შესწორებები კანონში არის ნაწილი უცხოელი მოქალაქეებისთვის სახელმწიფო კომპლექსური პროგრამისა, რომლებიც დაბადების ან წარმოშობის უფლებით შეიძლება რუსული პასპორტის მიღების პრეტენდენტები გახდნენ.
ექსპერტების აზრით, შესწორებები კანონში გათვლილია ბალტიისპირეთისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის.