თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. რუსული მხარე არ გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა გამოცემა Известия-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა უვიზოდ შეუძლიათ, თუმცა, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში სტუმრობისთვის ვიზები სჭირდებათ.
„არ გამოვრიცხავთ პერსპექტივაში ორმხრივ საფუძველზე უვიზო რეჟიმის შემოღებას. სხვა საქმეა, რომ ამისკენ სვლა ჯერჯერობით რთულია. ამას ხელს დიპლომატიური ურთიერთობების არქონა უშლის, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, თბილისის ინიციატივით გაწყდა. გავლენას ახდენს ასევე მსოფლიოში არცთუ მარტივი ვითარება, რომელიც ტერორისტული და სხვა საფრთხეების ზრდით, არალეგალური მიგრაციით ხასიათდება. რა თქმა უნდა, ყოველივე ამის გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება ", — განაცხადა დიპლომატმა.
კარასინმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში რუსეთმა „საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პროცედურის არსებითი ლიბერალიზაცია მოახდინა". 2015 წლის ბოლოდან საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია რუსეთს შეუზღუდავი ვადით ეწვიოს რუსეთის მოქალაქის, ორგანიზაციისა ან ქვეყნის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები უცხოელის მიწვევით.
„სიამოვნებით აღვნიშნავთ, რომ 2016 წელს თბილისში ჩვენი ინტერესთა სექციის მიერ გაცემული ვიზების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 40 ათასი გაცემული ვიზა შეადგინა. წელს კი ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება", — დასძინა კარასინმა.
რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.