უკანაფშავში მცხოვრები 21 წლის მწყემსი გოგონას საოცარი ისტორია

© FB / Mariam Kochashviliმარიამ ქოჩაშვილი
მარიამ ქოჩაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკანაფშავში ვინ არ იცნობს 21 წლის მწყემს გოგონას, მარიამ ქოჩაშვილს. მარიამმა ბავშვობა დუშეთში, ბებიასთან გაატარა. პროფესიით ექთანია, მუშაობს ბავშვთა ინფექციურ კლინიკაში, პარალელურად სწავლობს. თავისუფალ დღეებს სოფელში - უკანაფშავში ატარებს, მშობლებს საოჯახო საქმეებში ეხმარება და ცხვრის ფარას მწყემსავს.

უკანაფშავის გორაკებზე მარიამი 100 სულ ცხვარს აძოვებს. ბევრს უკვირს მწყემსი გოგონას დანახვა, ბევრს უხარია და ფოტოებსაც კი უღებენ. ამბობს, რომ ცხვრის მწყემსვა რთული სულაც არ არის. მწყემს გოგონას სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სურს, რომ უკანაფშავში დაბრუნდეს და ამბულატორია გახსნას, რათა საკუთარი ცოდნა სოფლის მოსახლეობას მოახმაროს.

© FB / Mariam Kochashviliმარიამ ქოჩაშვილი
მარიამ ქოჩაშვილი - Sputnik საქართველო
მარიამ ქოჩაშვილი

- შაბათ-კვირას კლინიკაში მუშაობთ, კვირის დანარჩენ დღეებს კი სოფელში ატარებთ. სოფელში რას საქმიანობთ?

— დიახ, შაბათ — კვირა ვმუშაობ ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში, კვირის დანარჩენ დღეებში ვსწავლობ. სოფელში ძირითადად დასვენების დღეებში მივდივარ. ჩემთვის სოფელს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს, რადგან იქ ჩემი მშობლები ცხოვრობენ და ჩემი სახლიც იქ არის. ყოველთვის მიხარია ჩემს სახლში, ჩემს მშობლებთან, ჩემს სოფელში ასვლა. საქმიანობით ყველაფერს ვაკეთებ, რაც შეიძლება სოფელში მყოფმა ადამიანმა გააკეთოს. ვეხმარები ოჯახს საოჯახო საქმეებში და დავდივარ ცხვარში.

- ცხვრის მწყემსვა გოგოსთვის რთული არ არის?

— საერთოდ არ არის რთული, უბრალოდ მიჩვევა უნდა. ყველა მეხმარება თუ დამჭირდა. როდესაც ცუდი ამინდია მე არ მიშვებენ ცხვარში, თუ გამიჭირდა სახლში მოყვანა მომაკითხავენ და მეხმარებიან.

- ორ სრულიად სხვადასხვა საქმიანობას როგორ უთავსებთ ერთმანეთს? არ გიჭირთ?

— ნამდვილად სრულიად განსხვავებული ორი საქმიანობაა, თუმცა სოფელში ისე ვცხოვრობ, როგორც ერთი ჩვეულებრივი სოფლელი გოგო და მიწევს ცხვარში სიარულიც, მაგრამ პროფესიიდან გამომდინარე ვმუშაობ ჩემი სპეციალობით. არ მიჭირს რადგან მივეჩვიე ასე ცხოვრებას.

© Courtesy of Tekla Kveladzeმარიამ ქოჩაშვილი
მარიამ ქოჩაშვილი - Sputnik საქართველო
მარიამ ქოჩაშვილი

- რატომ გადაწყვიტეთ, რომ ცხვრის ფარა თავად გემწყემსათ?

— როდის და რა დროს გადავწყვიტე ასე ზუსტად არ მახსოვს. ალბათ მაშინ, როდესაც ოჯახს დასჭირდა ჩემი დახმარება და მე ამის გაკეთება შემეძლო, წავედი ცხვრის სამწყემსად. ოჯახში ვისაც რის კეთება შეუძლია იმას აკეთებს, ამიტომ ეს არავის გაჰკვირვებია.

- როგორია მარიამ ქოჩაშვილი როგორც ექთანი და როგორც მწყემსი გოგო?

— როგორც ექთანი — ვარ მხიარული  და კომუნიკაბელური, რადგან მიწევს ბავშვებთან ურთიერთობა და ვასრულებ ჩემს მოვალეობებს. როგორც მწყემსი გოგო — დავდივარ ცხვარში, ვმწყემსავ ცხვარს, ვკრეფ ყვავილებს (ძალიან მიყვარს მინდვრის ყვავილები), ვკითხულობ და ბევრი დრო მრჩება ფიქრისთვის.

- თქვენ რომელ ამპლუაში უფრო კომფორტულად და ლაღად გრძნობთ თავს?

— ორივე მდგომარეობას თავისი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. სოფელში მიყვარს ყოფნა, რადგან იქ სიწყნარეა და ჩემს მშობლებთან თავს კარგად ვგრძნობ. ცხვარში სიარულით კი მათ ვეხმარები და ამით ჩემს მშობლებს საქმეს ვუმარტივებ. საავადმყოფოში ჩემი პროფესიით ვმუშაობ, ვიღებ კარგ გამოცდილებას, რაც ჩემი პროფესიული წინსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

© Courtesy of Tekla Kveladzeმარიამ ქოჩაშვილი
მარიამ ქოჩაშვილი - Sputnik საქართველო
მარიამ ქოჩაშვილი

- რამდენი სული ცხვარი გყავთ დღეს?

— დაახლოებით 100 სული ცხვარი გვყავს. რაც შეეხება მოვლას, დილიდან საღამომდე ვუშვებთ საძოვარზე. ზამთარში თუ ცუდი ამინდია, ან დიდთოვლობაა ბაგურ კვებაზე გვყავს. კომბინირებულ საკვებზე გვყავს (მაგ. ქერი, შვრია, ქატო და ა. შ.). ასევე ვცრით პარაზიტებზე, რომ არაფერი შეხვდეთ. პირობები რთულია, რადგან ძირითადად მთაგორიანი გარემოა, ცხვრის გაშვებაც გორებზე და ფერდობებზე გვიწევს.

- როგორ იწყება თქვენი დილა და როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

— ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე სოფელში იწყება დილის ექვს საათზე, ამ დროს ცხვარი გამყავს საძოვრებზე. ზაფხულში, თუ ძალიან ცხელა, ცხვარი სიცხეში არ ჭამს და ამის გამო შუადღისკენ ცხვარი სახლში მომყავს. თუ ძალიან დაღლილი ვარ, ვცდილობ დავისვენო და თუ მოვახერხე 1 — 2 საათით დავიძინო, თუ არადა მივეხმარო დედას საოჯახო საქმეებში. დაახლოებით ხუთ საათზე ისევ ვუშვებ ცხვარს საძოვრებზე და საღამოს 8 — 9 საათზე მომყავს უკან.

თბილსში როდესაც სწავლა მაქვს მივდივარ სასწავლებელში და ვარ ლექციებზე, თუ დრო დამრჩა ვიკრიბებით მეგობრები, ძალიან მიყვარს მათთან ერთად თავისუფალი დროის გატარება. როდესაც ვმუშაობ, დილით სამსახურში მივდივარ და საღამოს ექვს საათამდე ჩემი პაციენტების განკარგულებაში ვარ.

- როცა ადამიანები ხედავენ, რომ ცხვრის ფარას გოგო უდგას სათავეში არ უკვირთ?

— კი, ასეთი შემთხვევა მქონია, ეს ძალიან უკვირთ. ზოგი სურათებსაც კი მიღებს მთაზე მიმავალს ცხვრის ფარასთან ერთად. პირადად ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს, თუმცა მშობლებისთვის უკითხავთ, როგორ ახერხებს ეს პატარა გოგო ამხელა ცხვრის ფარას რომ მართავსო.

© Courtesy of Tekla Kveladzeმარიამ ქოჩაშვილი
მარიამ ქოჩაშვილი - Sputnik საქართველო
მარიამ ქოჩაშვილი

- მატყლის დამუშავება წინდების ქსოვა თუ იცით?

— ყველაფერი რაც მთას და საოჯახო საქმიანობას უკავშირდება დედამ მასწავლა. სამწუხაროდ ქსოვა და მატყლის დამუშავება არ ვიცი, თუმცა არასდროს არ არის გვიან, რომ ვისწავლო.

- რაზე ოცნებობთ ცხოვრებაში და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

— პირველ რიგში მინდა სწავლა განვაგრძო სამედიცინო სფეროში და გავხდე ჩემი საქმის პროფესიონალი. ჩემი ოცნებაა ჩემს სოფელში გავხსნა უფრო დიდი ამბულატორია ან საავადმყოფო, რომელიც ყველას სჭირდება, არ აქვს მნიშვნელობა ეს დიდი იქნება თუ პატარა.

 

ყველა ახალი ამბავი
0