თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ყოფილ თანამშრომელ მუსტაფა ემრე ჩაბუქს, რომელიც ტერორიზმის ხელშეწყობაშია ბრალდებული, წინასაექსტრადიციო პატიმრობა სამი თვის ვადით გაუგრძელა, განაცხადა „Sputnik საქართველოსთან" ჩაბუქის ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ.
ჩაბუქი თბილისში მაისის თვის ბოლოს თურქული მხარის მოთხოვნით დააკავეს. მაშინ თბილისის სასამართლომ მას წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. თურქეთში ემრე ჩაბუქს ბრალად ედება აშშ-ში მცხოვრები ოპოზიციონერი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის დახმარება, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.
„დღეს წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადა სამი თვით გაგრძელდა. ჩვენ მოვითხოვდით, მისი 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას", — განაცხადა კვიჟინაძემ.
თავად ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს გიულენთან კავშირს. სასამართლო მოსმენების დროს დემირელის კოლეჯის ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლოს კიდევ ერთხელ სთხოვა სასამართლოს გათავისუფლება.
„საქართველოში 15 წელია რაც ვცხოვრობ და ვმუშაობ. ამ დროის განმავლობაში არანაირი არალეგალური და ტერორისტული ორგანიზაციის წევრი არ ვყოფილვარ. ჩემი საბანკო ანგარიშებიდან ტერორისტული ორგანიზაციებისთვის არცერთი თეთრი არ გადამირიცხავს. ამ 15-წლიანი მუშაობის პერიოდში სახელმწიფო დაწესებულებებიდან არაერთი მადლობის სიგელი მიმიღია. ჩემი ოჯახის წევრები რთულ მდგომარეობაში არიან. მე შვილებს ვჭირდები. გთხოვთ გამათავისუფლოთ", — განაცხადა ჩაბუქმა.
დაკავებიდან ერთი თვის შემდეგ, ჩაბუქმა საქართველოს ხელისუფლებას მისთვის და ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართა. თუმცა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ივლისში ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.
ჩაბუქის ადვოკატებმა სამინისტროს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა 21 ნოემბერს მათ სარჩელზე უარი ეთქვათ. ჩაბუქის იურისტების განცხადებით, თურქეთის მხარისთვის გადაცემის შემთხვევაში მას საფრთხე ელის. მოგვიანებით საქართველოში თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გურმუქჩუმ ქართული მხარე დაარწმუნა იმაში, რომ თურქეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ყოფილი თანამშრომელი მუსტაფა ემრე ჩაბუქი სამშობლოში სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგება.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან იმყოფება და განათლების სფეროში მოღვაწეობს. მისი ბოლო სამუშაო ადგილი იყო დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, სადაც 2016 წლიდან ბოლო დრომდე ხარისხის მართვის მენეჯერის თანამდებობას იკავებდა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩაბუქი საქართველოში ცხოვრების უფლებით სარგებლობდა. მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.
რაც შეეხება, გიულენს, მას თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის 16 ივლისის ღამეს გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს და აშშ-სგან მის გადმოცემას ითხოვს. თვითონ გიულენმა დაგმო აჯანყება და განაცხადა რომ ის მასში არ მონაწილეობდა.