თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის გამოჩენილი კინორეჟისორისა და სსრკ-ის სახალხო არტისტის ელდარ რიაზანოვის დაბადებიდან 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო ა. გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსულ დრამატულ თეატრში 5 დეკემბერს გაიმართება.
კონცერტში გაჟღერდება სიმღერები რიაზანოვის კინოფილმებიდან, ასევე მის ლექსებს წაიკითხავენ ქართული ესტრადისა და თეატრის ვარსკვლავები.
საღამოს მონაწილეთა შორის იქნებიან ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ირმა სოხაძე, ლიზა ბაგრატიონი, მაია ბარათაშვილი, მსახიობი გურანდა გაბუნია, ლუდმილა არტემოვა-მღებრიშვილი, ირინა მეღვინეთუხუცესი, არჩილ ბარათაშვილი, დავით გველესიანი, დავით ოთიაშვილი და ა.შ.
ღონისძიების სპეციალური სტუმრები იქნებიან — რუსეთის სახალხო არტისტი, მსახიობი სვეტლანა ნემოლიაევა შვილიშვილთან, მაიაკოვსკის სახელობის თეატრის მსახიობ პოლინა ლაზარევასთან ერთად, ცნობილი ქართველი რეჟისორი და სსრკ-ის სახალხო არტისტი ელდარ შენგელია და აზერბაიჯანის სახალხო არტისტი ლუდმილა დუხოვნაია.
ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსკი კლუბი" „ვითიბი" ბანკის მხარდაჭერით. ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერია „Sputnik საქართველო", საღამო 19:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებაზე შესვლა მოსაწვევი ბარათებით ხდება.
როგორც Sputnik-ს ორგანიზატორებმა განუცხადეს, თითოეული მაყურებელი საჩუქრად რიაზანოვის ლექსების კრებულს მიიღებს, რომელიც „რუსკი კლუბმა" სპეციალურად რეჟისორის იუბილისთვის გამოსცა.