თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. მასმედიაში სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ეკუთვნის ბინა, რომელშიც ტერორიზმში ეჭვმიტანილები არიან გამაგრებული და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის ძალებს უწევენ წინააღმდეგობას.
ორი უცხოელი ეჭვმიტანილის დაკავების სპეცოპერაცია ისანი-სამგორის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, №156-ში მიმდინარეობს.
ტელეკომპანია Rustavi2-ის მონაცემებით, ზემოთაღნიშნული ბინის მეპატრონე პანკისის ხეობის სოფელ დუისის მკვიდრი თინა გაურგაშვილია.
გაურგაშვილი ამ დროისთვის ავსტრიაში ცხოვრობს, ბინა კი დიდი ხანია ქირით აქვს გაცემული, აცხადებენ თანასოფლელები.
ტელეკომპანია „პირველი TV"-ს ინფორმაციით, აღნიშნული ბინა ასევე სოფელ დუისის მკვიდრ ასლანბეგ ჯაბრაილოვს ეკუთვნის, რომელსაც ბინის გაქირავებაში რამდენიმე თვის წინ ცოლისძმა დაეხმარა. ამ დროისთვის ოჯახის წევრები მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.
ამ დროისთვის დაკავებულია ერთ-ერთი ბრალდებული. სხვა პირების დაკავების ოპერაცია კვლავ გრძელდება. სავარაუდოდ, ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან. სუს-ის მონაცემებით, ისინი ტერორისტული ორგანიზაციის წევრები არიან.
გარდა ამისა, ცნობილია ერთი დაზარალებულის შესახებ — სპეცოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა ერთ-ერთი სპეცრაზმელი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. სპეცრაზმელს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა, ის ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.