თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. აღმზრდელობითი პროცესი ისანი-სამგორის რაიონის სამ საბავშვო ბაღში, სადაც ღამიდან ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს, შეჩერებულია, აღნიშნულია თბილისის მერიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, არ მუშაობენ თბილისის №16, №109 და №86 ბაღები. სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩა №156-ში მიმდინარეობს. ეჭვმიტანილები მეცხრე კორპუსის მესამე სადარბაზოში არიან გამაგრებული.
„აღნიშნული სამი საბავშვო ბაღი სპეცოპერაციის ეპიცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, საიდანაც აღსაზრდელები უკვე გაიყვანეს", — ნათქვამია განცხადებაში.
სწავლა შეწყდა ასევე 97-ე საჯარო სკოლაში, რომელიც ასევე სპეცოპერაციის ადგილთან ახლოს მდებარეობს.
ამ დროისთვის სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილები საქართველოს მოქალაქეები არ არიან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ისინი ტერორისტული ორგანიზაციის წევრები არიან.
გარდა ამისა, სპეცოპერაციისას დაიჭრა სპეცრაზმის წევრი, რომელსაც ოპერაცია გაუკეთეს და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.