თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. მთავრობის წევრმა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ სპეცსამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ კონტრტერორისტული ოპერაცია თბილისში მოსახლეობისთვის ზიანის გარეშე დასრულდეს.
რამდენიმე, სავარაუდოდ, უცხოელი ეჭვმიტანილის დაკავების სპეცოპერაცია ისანი-სამგორის რაიონში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე №156-ში მიმდინარეობს. ეჭვმიტანილები მეცხრე კორპუსის მესამე სადარბაზოში არიან გამაგრებული, სადაც ორი ბინა იწვის. ადგილზე არ წყდება სროლისა და აფეთქების ხმები. სპეცოპერაცია უკვე თითქმის 20 საათია, მიმდინარეობს.
„სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები აკეთებენ განცხადებას იმ დოზით, რა დოზითაც ეს შესაძლებელია ამ ეტაპზე, რომ არ შეექმნას საფრთხე მოსახლეობას. სხვას მე ვერაფერს გეტყვით. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სპეცოპერაცია დამთავრდეს ისე, რომ არცერთი მოქალაქე არ დაზიანდეს", — განაცხადა სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე.
ამ დროისთვის სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია.
სავარაუდოდ, ეჭვმიტანილები საქართველოს მოქალაქეები არ არიან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ისინი ტერორისტული ორგანიზაციის წევრები არიან.