თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქე, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის მკვიდრი კობა პაპაშვილი საფრანგეთში მოკლეს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ სოფელ მთსძირში ყვარლის გამგეობის წარმომადგენელმა მევლუდ დარიაშვილმა.
მისი თქმით, პაპაშვილი ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების პოლონურ კომპანიაში მძღოლად მუშაობდა. დაღუპულს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
„მას კომპანიასთან შეთანხმება ჰქონდა: სამი თვე მუშაობდა, შემდეგ ერთი თვით ჩამოდიოდა და სახლში რჩებოდა, შემდეგ ისევ მიდიოდა. მან მამამისიც ამ სამსახურში მოაწყო. მამამისიც სამი თვე მუშაობდა და შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. ამჟამად მოკლულის მამა საქართველოში იმყოფება, ის პოლონეთში 27 ნოემბერს უნდა წასულიყო. ისინი ლეგალურად მუშაობდნენ და კანონს არ არღვევდნენ“, — განაცხადა დარიაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, პაპაშვილი მოკლა 55 წლის საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც ის პოლონურ კომპანიაში მოწყობაში დაეხმარა. რა გახდა მკვლელობის საბაბი, უცნობია. დაღუპულის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ კონფლიქტი სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო.
„არავინ არ ურჩევდა კობას სამსახურში მის [სავარაუდო მკვლელის] აყვანას. ყველა ეუბნებოდა, რომ ის ცუდი ადამიანია და მასთან კავშირის დაჭერა არ ღირს. მაგრამ კობას ის ეცოდებოდა, და მან თქვა, რომ ცოტა ფულს აშოვნინებდა. პაპაშვილი ძალიან ჰუმანური და გაწონასწორებული ადამიანი იყო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს კაცი მანქანას არ ალაგებდა, კობას კი წესრიგი უყვარდა. მათ ამ თემაზე იკამათეს, შეიძლება ამ ნიადაგზე მოხდა ყველაფერი. ზუსტად არაფერი ვიცით“, — ხაზგასმით აღნიშნა დარიაშვილმა.
მკვლელოობაში ეჭვმიტანილი ფრანგმა სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, კანონმდებლობის თანახმად, დაღუპულის ცხედრის სამშობლოში გადმოსვენებაზე იზრუნებს. უწყება შესაბამის პროცედურებს მას შემდეგ შეუდგება, რაც დაღუპულის ოჯახის წევრები საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმართავენ.