თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. თბილისში მომხდარ მოვლემებთან დაკავშირებით პანკისის ხეობაში სპეცრაზმის მობილიზაცია არ შეინიშნება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
პანკისის მიმართ ინტერესი გამოიწვია განცხადებებმა იმის შესახებ, რომ გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე ბინა, რომელსაც ტერორიზმში ბრალდებულები აფარებდნენ თავს, პანკისის ხეობის სოფელ დუისის მკვიდრს ეკუთვნის.
სპეცოპერაცია გუშინ ღამით დაიწყო, პერიოდულად ახლდებოდა სროლები და აფეთქებები. ეჭვმიტანილები ისანი-სამგორის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, №156-ში მდებარე მე-9 კორპუსის მესამე სადარბაზოში იმყოფებოდნენ. დაიწვა ორი ბინა, რომლიდან ერთ-ერთს ეჭვმიტანილები თავს აფარებდნენ.
სუს-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია.
წინასწარი მონაცემებით, ეჭვმიტანილები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და ტერორისტული ორგანიზაციის წევრები არიან.
ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა ერთ-ერთი სპეცრაზმელი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. სპეცრაზმელს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა, ტრავმები იმდენად მძიმე იყო, რომ სპეცრაზმელი რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.
სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 17:00 საათზე, ტელეარხ „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაშავებულია სამი სავარაუდო ტერორისტი. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფოპრმაცია ორი სავარაუდო ტერორისტის შესახებ.
გარდა ამისა, დაშავდა კიდევ ორი სპეცრაზმელი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.