თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. გაზეთი „კვირის პალიტრა" ამტკიცებს, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაცია ეროვნებით სამი ჩეჩენის წინააღმდეგ მიმდინარეობს, რომლებიც სავარაუდოდ, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები არიან და საქართველოში არალეგალურად იმყოფებიან.
ადგილზე მობილიზებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრტერორისტული დეპარტამენტისა და პოლიციის თანამშრომლების დიდი რაოდენობა, ასევე ჯავშანტექნიკა.
სპეცოპერაცია გუშინ ღამით დაიწყო, პერიოდულად ახლდება სროლები და აფეთქებები. ეჭვმიტანილები ისანი-სამგორის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, №156-ში მდებარე მე-9 კორპუსის მესამე სადარბაზოში იმყოფებიან. ამ სადარბაზოში აფეთქების შედეგად ორი ბინა დაიწვა.
ამ დროისთვის დაკავებულია ერთ-ერთი ბრალდებული. სხვა პირების დაკავების ოპერაცია კვლავ გრძელდება. სავარაუდოდ, ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან. სუს-ის მონაცემებით, ისინი ტერორისტული ორგანიზაციის წევრები არიან.