თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ჯგუფი წინასწარი მუშაობის შედეგად აღმოაჩინეს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
სავარაუდო ტერორისტების დაკავების სპეცოპერაცია გუშინ ღამით დაიწყო, პერიოდულად ახლდებოდა სროლები და ძლიერი აფეთქებები. ეჭვმიტანილები ისანი-სამგორის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, №156-ში მდებარე მე-9 კორპუსის მესამე სადარბაზოში იმყოფებოდნენ. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. დაიღუპა სუს-ის თანამშრომელი.
„ისინი დღეს არ იყვნენ აღმოჩენილები და წინასწარი ინფორმაციები არსებობდა და სწორედ ის, რომ აღმოაჩინეს, არის ამ წინასწარი მუშაობის შედეგი“, — განმარტა კვირიკაშვილმა.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ადამიანების მოქალაქეობას არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია.
„არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან. ჩვენ არავითარ შემთხვევაში, მათ ეროვნებასა და მოქალაქეობრივ კუთვნილებას არ უნდა გავუსვათ ხაზი. ფაქტია, რომ მათ მშვიდობიან მოწოდებაზე, რომ ჩაბარებოდნენ პოლიციას, უპასუხეს სროლით. ასეთ სიტუაციაში, ბუნებრივია, ყველანაირი ეჭვი, რომ შეიძლება გაცილებით უარესი შედეგი ყოფილიყო, არის აბსოლუტურად დასაბუთებული და სპეცრაზმმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, იმოქმედა აბსოლუტურად ლეგიტიმურად და სწორად“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სავარაუდო ტერორისტების დაკავების სპეცოპერაცია ისანი-სამგორის რაიონში თითქმის 24 საათს გაგრძელდა. დამნაშავეები მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გამაგრდნენ. რაიონი გადაიკეტა, განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია. რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სროლა და ისმოდა აფეთქებები.
სუს-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, ორი დაიჭრა. დაჭრილია ასევე შსს-ს განასაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი.