თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ტერორიზმის საფრთხე არსებობს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ თბილისში სპეცოპერაციის კომენტარისას.
ორი უცხოელი ეჭვმიტანილის დაკავების სპეცოპერაცია ისანი-სამგორის რაიონში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე №156-ში მიმდინარეობს. ეჭვმიტანილები მეცხრე კორპუსის მესამე სადარბაზოში არიან გამაგრებული, სადაც ორი ბინა იწვის. ადგილზე არ წყდება სროლისა და აფეთქების ხმები.
სპეცრაზმი შენობის შტურმისთვის ემზადება.
„ჩვენ რეალურად არ ვიცით, რა მოხდა იქ. მაგრამ მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სტანდარტების თვალსაზრისით, საქართველო ტერორიზმის საფრთხის მეოთხე კატეგორიას განეკუთვნება. რა თქმა უნდა, ეს საფრანგეთის, ბელგიისა და სხვა ქვეყნების დონე არ არის, მაგრამ გარკვეული საფრთხე არის", — აღნიშნა არეშიძემ.
ექსპერტის აზრით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში კავკასიელები იბრძვიან.
„აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ ეს ყურად უნდა იღოს, რადგან ტერორისტული საფრთხე საქართველოში ნამდვილად არის. თუმცა, პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს მოსახლეობის წინააღმდეგ არ არის მიმართული", — განაცხადა არეშიძემ.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში პანკისის ხეობის რამდენიმე ათეული მკვიდრი ჩაეწერა და სირიაში წავიდა. პანკისის ხეობაში უმეტესად ეთნიკურად ჩეჩნები — ქისტები ცხოვრობენ.
„ისლამური სახელმწიფოს" რიგებში პანკისიდან წასულ მებრძოლთაგან ყველაზე ცნობილია თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ-უმარ აშ-შიშანი. ის 2016 წლის ივლისში ერაყში დაიღუპა. ბათირაშვილი „ისლამური სახელმწიფოს" ძალების სარდალი იყო სირიის ჩრდილოეთში. ის 2016 წელს ერაყში საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დაბალი ტერორისტული საფრთხის ქვეყანაა, ექსპერტის აზრით, საფრთხე არსებობს.
სხვადასხვა კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს უსაფრთხო ქვეყანაა. მაგალითად, საქართველომ ცნობილი კვლევითი პორტალის, numbeo-ს შედგენილ მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში მეშვიდე ადგილი დაიკავა.