თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერია დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ იმ ტერიტორიაზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
სავარაუდო ტერორისტების დაკავების სპეცოპერაცია გუშინ ღამით დაიწყო, პერიოდულად ახლდებოდა სროლები და ძლიერი აფეთქებები. ეჭვმიტანილები ისანი-სამგორის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, №156-ში მდებარე მე-9 კორპუსის მესამე სადარბაზოში იმყოფებოდნენ. დაიწვა ორი ბინა, რომლიდან ერთ-ერთს ეჭვმიტანილები თავს აფარებდნენ.
„ოჯახები, რომლებიც გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდებარე კორპუსებში ცხოვრობენ, გვინდა დავამშვიდოთ და ვუთხრათ, რომ ყურადღების მიღმა არცერთი მათგანი არ დარჩება. მერია, რასაკვირველია, საკუთარ მოსახლეობაზე იზრუნებს და საჭიროების შემთხვევაში, მათთვის დროებით საცხოვრებელ ფართებს აუცილებლად უზრუნველყოფს. ვთხოვთ მოსახლეობას, ვისაც აქვს დროებითი საცხოვრებელი ფართის საჭიროება, ისნის გამგეობას დროულად მიმართოს, რათა მათი რეგისტრაცია და დროებით საცხოვრებელ ფართებში გადაყვანა მოხდეს“, – განაცხადა ბრიფინგზე კახა კალაძემ.
მისი თქმით, ისნის გამგეობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ისნის გამგეობას ნომრებზე: 2 37 50 29, 599 53 70 40; ასევე, დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22.
„ამ ეტაპზე, რაც ყველაზე მთავარია, სრულად არის დაცული და უზრუნველყოფილი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება“, — აღნიშნა კალაძემ.
მერმა ანტიტერორისტული ოპეარციისას დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.