თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. დამოუკიდებელი ზიმბაბვეს პირველი და უცვლელი პრეზიდენტი რობერტ მუგაბე, რომელიც ქვეყანას ბოლო 37 წელი მართავდა, გადადგა, იუწყება РИА Новости სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით.
მანამდე სამშაბათს ზიმბაბვეს პარლამენტმა პრეზიდენტ მუგაბეს იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მან საკუთარი ნებით გადადგომაზე უარი განაცხადა. უფლებამოსილების მოხსნისთვის მუგაბეს 24-საათიანი ვადა მისცეს.
პოლიტიკური მდგომარეობა ზიმბაბვეში 15 ნოემბერს გამწვავდა, როდესაც ჰარარეში მდებარე ტელეცენტრი და პრეზიდენტის რეზიდენცია სამხედროების კონტროლის ქვეს გადავიდა. ქალაქის ქუჩებში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტ ჯეიკობ ზუმასთან სატელეფონო საუბარში მუგაბემ დაადასტურა, რომ ის სამხედროებს შინაპატიმრობაში ჰყავდა. იუწყებოდნენ, რომ პრეზიდენტის მეუღლე და სავარაუდო მემკვიდრე გრეის მუგაბე ქვეყნიდან გაიქცა, ხოლო დათხოვნილი ვიცე-პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა დედაქალაქში დაბრუნდა, რათა მთავრობას სათავეში ჩაუდგეს.
93 წლის მუგაბე ქვეყანას 1980 წლიდან ხელმძღვანელობს, როდესაც ზიმბაბვემ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.