თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. თბილისში ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად დაიწყო მასშტაბური სოციალური კამპანია „მეტი უსაფრთხოებისთვის“, რომელსაც დედაქალაქის მერია და კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ატარებენ.
საქართველოში ხშირია ნახშირორჟანგით მოწამვლის შემთხვევები, რაც ხშირ შემთხვევაში გაზის გამათბობლისა და წყლის გამაცხელებლის არასწორი მონტაჟით არის გამოწვეული.
„სამწუხაროდ, ზამთრის სეზონზე ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსახლეობის CO-თი ინტოქსიკაციისა და ხშირ შემთხვევაში, მათი გარდაცვალების ფაქტები ხდება. სწორედ ამიტომ, 24 საათის განმავლობაში, სრულიად უფასოდ, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურებიან, გამათბობლებსა და წყლის გამცხელებლებს შეუმოწმებენ, შესაბამის კონსულტაციებს გაუწევენ, რაც ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, — განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა.
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მთავარმა ინჟინერმა გიორგი ლეფსვერიძემ განაცხადა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად, 82 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინტოქსიკაცია 243 მოქალაქემ მიიღო. გასულ წელს, CO-თი ინტოქსიკაციის რიცხვმა 125-ს მიაღწია, რომელთაგან 29 ადამიანი გარდაიცვალა.
„ამ ყველაფრის პრევენციის მიზნით, „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დაიწყო კამპანია — „მეტი უსაფრთხოებისთვის“. სამწუხაროდ, აბონენტთა 40% ჩვენი თანამშრომლების მითითებებს ყურად არ იღებს და არასწორად დამონტაჟებული გაზის დანადგარების მოხმარებას განაგრძობს. ესენია ღია წვის კამერიანი დანადგარები, რომელსაც ჩვენ კატეგორიულად ვკრძალავთ“, — აღნიშნა გიორგი ლეფსვერიძემ.
კომპანიის მთავარმა ინჟინერმა მოქალაქეებს მოუწოდა, გაზის ნებისმიერი დანადგარის შეძენისა და მონტაჟის შემთხვევაში, კომპანიის ცხელ ხაზზე (2 40 40 04), ან საავარიო სამსახურის ნომერზე (114) დარეკონ. სპეციალისტები ადგილზე მივლენ და შემოწმებას ჩაატარებენ.
„ჩვენი თანამშრომლები ადგილზე უმოკლეს ვადაში მივლენ, მისცემენ შესაბამის მითითებებს და შესაბამის ინსტრუქტაჟს ჩაუტარებენ“, — განაცხადა ლეფსვერიძემ.
მან ასევე მოუწოდა ყველა მოქალაქეს, რომელიც ბინას ქირაობს, კომპანიას დახმარებისთვის მიმართოს.