თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული მოქალაქე ლენტეხში დააკავეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.
სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას ამოიღეს: „აკს"-ის და „აკმ"-ის მოდელების 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი, 145 საბრძოლო ვაზნა, „საიგას" მოდელის და „სვდ"-ს ტიპის 2 შაშხანა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით). დაკავებულს ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.