სამანიშვილი: ქართული ღვინისადმი ჩინელი მომხმარებლის მხრიდან ინტერესი კვლავ მაღალია

© photo: Sputnikღვინო
ღვინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
Prowein Shanghai 2017-ის გამოფენის ფარგლებში ჩატარდა ქართული ღვინის სპეციალიზირებული დეგუსტაცია-სემინარები

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ჩინეთის ქალაქ შანხაიში გამართულ მასშტაბურ გამოფენაზე Prowein Shanghai 2017-ზე 30-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, იუწყება სოფლის მეურნეობის სამინიტრო.

„ქართული ღვინისადმი ჩინელი მომხმარებლის მხრიდან ინტერესი კვლავ მაღალია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა მეცნიერული კვლევა, რომ ღვინოს საქართველოში 8 ათასი წლის წინ აწარმოებდნენ. თავად ამ ფაქტმა და იმ რეზონანსმა, რაც მეცნიერული დასკვნის გამოქვეყნებას მსოფლიო პრესაში მოჰყვა, ძალიან დიდი გავლენა იქონია ქართული ღვინისადმი ინტერესის გაზრდაში", — განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა.

ღვინო - Sputnik საქართველო
სამანიშვილი: წელს საქართველოდან ღვინის რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განხორციელდება

გამოფენის ფარგლებში ჩატარდა ქართული ღვინის სპეციალიზირებული დეგუსტაცია-სემინარები, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წელს გამოფენაში მონაწილეობდნენ შემდეგი კომპანიები: „მოსმიერი", „მეღვინეობა ხარება", „ბესინი", „ტიფლისკი ვინნი პოგრებ", „თბილღვინო", „ჯიველი", GWS, „შატო მუხრანი", „წინანდალი — XXI საუკუნის საუკეთესო ღვინოები", „ქიმერიონი", „მარანი", „ვაზიანი კომპანი", „ვაზისუბნის მამული", „კორპორაცია ქინძმარაული", „ყვარლის სარდაფი", „ფალავანი", KTW, „Heritage Wines Georgia", „დუგლაძეების ღვინის კომპანია", „შ.პ.ს ალავერდი", „გიუაანი", „თელიანი ველი", „ქართული ღვინის სახლი", „ჩიგოგიძე ვაინს", „კახური ღვინის მარანი", „მეღვინეობა დანიელი", „შილდა", „ვაინმენი" და „იკანო".

ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ჩინეთის ქალაქ იუს მაღალი კლასის სასტუმროში ქართული ღვინის მუზეუმი „სარკმელი საქართველოსკენ“ გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია ქართული ვაზის ისტორიისა და კულტურის ამსახველი მასალები და აგრეთვე ღვინის სხვადასხვა სახეობები.  

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ქართული ღვინის საექსპორტო სტრატეგიულ ბაზრად ჩინეთი რჩება. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 6,1 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 41%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებს. ჩინეთი, ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების სიაში, უკრაინასთან ერთად, მეორე-მესამე ადგილს ინაწილებს.

 




ყველა ახალი ამბავი
0