1 იანვრიდან საქართველოში საჯარო მოხელეთა შეფასების ახალი სისტემა ამოქმედდება

© photo: Sputnikსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეფასების ოთხდონიანი სისტემის მიხედვით, საჯარო მოხელეები შემდეგი კრიტერიუმებით შეფასდებიან: საუკეთესო, კარგი, დამაკმაყოფილებელი და არადამაკმაყოფილებელი, რაც მათი წახალისების ან სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდება.

თბილისი, 20 ნოემბერი —Sputnik. პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემა, რომელმაც აქამდე მოქმედი ატესტაცია უნდა შეცვალოს, საქართველოს ყველა საჯარო დაწესებულებაში 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. სისტემის დანერგვა ხორციელდება საქართველოში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, რომელიც ეფექტური, გამჭირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო მმართველობის განვითარებას ისახავს მიზნად.

საჯარო მოხელეებზე დაკისრებული ვალდებულების შესრულების ხარისხს „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ’’ კანონი დაარეგულირებს. კანონი სავალდებულო იქნება ყველა საჯარო უწყებისთვის.

სხვადასხვა ნომინალის ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
ჩინოვნიკების ხელფასი და დანამატები ახალი კანონით განისაზღვრება

საჯარო სამსახურის რეფორმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ნაწილია. რეფორმის მხარდაჭერის პროგრამა 2016 წელს დაიწყო და 2020 წლამდე გაგრძელდება.

შეფასების ახალი სისტემის მოსამზადებელ სამუშაოებში, სხვა მხარეებთან ერთად, საჯარო სამსახურის ბიურო იყო ჩართული. ბიუროს უფროსის, ეკატერინე ქარდავას თქმით, აქამდე მოქმედი ატესტაციის მოდელი, რომელიც 3 წელიწადში ერთხელ ან საერთოდ არ მოქმედებდა, საჯარო მოხელის მუშაობას ეფექტურად ვერ აფასებდა. მისივე განცხადებით, ახალი სისტემა როგორც დასაქმებულის, ისე დამსაქმებლის ინტერესებზეა მორგებული.

„ამ შეფასებას აქვს ორმაგი დატვირთვა: ერთი მხრივ, ის მნიშვნელოვანია ორგანიზაციის მუშაობისა და მისი მიზნების გაზომვისათვის, ასევე, თვითონ მოხელის კარიერული განვითარებისთვის. იმიტომ, რომ სწორედ შეფასების შედეგებიდან გამომდინარე, შეიძლება დაიგეგმოს როგორც მისი სწავლება, ისე წახალისება“, – აღნიშნა ეკატერინე ქარდავამ.

შეფასების ოთხდონიანი სისტემა, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელეთა წლიური ანგარიშები შემოწმდება, საბოლოოდ განსაზღვრავს პირის კარიერულ წინსვლას ან პირიქით –დაქვეითებას. შეფასების წესს კი, ყოველი წლის დასაწყისში დაადგენს თავად საჯარო დაწესებულება და აცნობებს ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

მეეზოვე - Sputnik საქართველო
მეეზოვეები თბილისის მერიის ჩინოვნიკების „მეცამეტე ხელფასს“ მიიღებენ

ახალი რეგულაციის მიხედვით, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირი შეფასებას დაექვემდებარება წელიწადში მინიმუმ ერთხელ, გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოხელე კი – კვარტალში ერთხელ. შეფასების პროცესში მონაწილეობენ მოხელე, მისი უშუალო ხელმძღვანელი და ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი ერთეული. შეფასების შედეგები კონფიდენციალურია: მონაცემებზე წვდომა მხოლოდ  საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, კურატორ მოადგილეს, ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს, უშუალო ხელმძღვანელს, შესაფასებელ/შეფასებულ მოხელესა და სახელმწიფო ბიუროს ექნებათ.

შეფასების ოთხდონიანი სისტემის მიხედვით, საჯარო მოხელეები შემდეგი კრიტერიუმებით შეფასდებიან: საუკეთესო, კარგი, დამაკმაყოფილებელი და არადამაკმაყოფილებელი.

შეფასების სისტემას, შესაბამისად, შემდეგი სამართლებრივი შედეგები მოჰყვება: მოხელისათვის კლასის მინიჭება, წახალისება, პროფესიული განვითარების, მისი სწავლების საჭიროების განსაზღვრა და სამსახურიდან გათავისუფლება.

რაც შეეხება წახალისების სისტემას, ახალი კანონპროექტით, სახელწოდება,პრემია’’ იცვლება,,ფულადი ჯილდოთი’’,  ასევე, სხვა მოტივაციის საშუალებებით, როგორიცაა ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება, ან  მადლობის გამოცხადება მოხელისათვის.  დგინდება ფულადი ჯილდოს ზედა ზღვარიც:  მაქსიმუმი არის წლიური თანამდებობრივი სარგოს 10%. როგორც წესი, ჯილდო წელიწადში ერთხელ უნდა გაიცეს, თუ ფულადი ჯილდო მოხელემ წელიწადში რამდენჯერმე მიიღო, ის არ უნდა აღემატებოდეს 10%-იან ზღვარს.

მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილება უკვე დამტკიცებულია, შეფასების მოდელი ჯერ კიდევ ექვემდებარება ცვლილებებს.

 

ხატია გიგოლაშვილი

ყველა ახალი ამბავი
0