ქართული ექსპორტი: აჭარულ მანდარინს რუსეთში ელოდებიან

© photo: Sputnik / Igor Vinogradov / გადასვლა მედიაბანკშიმანდარინის ხის ტოტი
მანდარინის ხის ტოტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობა ციტრუსის ექსპორტის გაზრდას ვარაუდობს და ამისათვის პირობებს ქმნის

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. აჭარაში აქტიურად ემზადებიან მანდარინის მოსავლის აღებისა და სხვადასხვა ქვეყნებში მისი ექსპორტისთვის.

წელს მანდარინის კარგ მოსავალს ელიან — 50-55 ათას ტონას, აქედან 30 ათასი ტონა ექსპორტზე გავა, დანარჩენი შიდა ბაზარზე გაიყიდება. საექსპორტო მანდარინს 40 საწარმო ჩაიბარებს.

სახელმწიფოს დახმარება ფერმერებს

წინა წლების მსგავსად, წელსაც სახელმწიფო ფერმერებს დახმარებას გაუწევს — არასტანდარტულ მანდარინზე სახელმწიფო სუბსიდია გამოიყოფა.

კომპანიებს, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 20 თეთრად შეისყიდიან, თითოეულ კილოგრამ მანდარინზე 10 თეთრს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო პროექტების მართვის სააგენტო სუბსიდიის სახით აუნაზღაურებს. სულ ამ მიზნებისთვის 2017 წლის ბიუჯეტით 600 ათასი ლარია გათვალისწინებული.

მიმდინარე წელს არასტანდარტულ მანდარინის მიღება-გადამუშავებას შპს TCF GEORGIA და შპს Georgian industrial Asset Management Group-ი განახორციელებს. TCF GEORGIA 4 ათას ტონა არასტანდარტული მანდარინის მიღებას გეგმავს, შპს Georgian industrial Asset Management Group-ი — არალიმიტირებული რაოდენობით.

მანდარინები ექსპორტისათვის - Sputnik საქართველო
ქართული მანდარინებისათვის ძირითადი გასაღების ბაზარი რუსეთია

ბათუმში მანდარინის ორგანიზებული ჩაბარების უზრუნველყოფის მიზნით ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად და ოპერატიულად მოხდეს მანდარინის ჩაბარება და არ მოუწიოთ მანქანებს დღეები ლოდინი, რომ არ იყოს რიგები პორტებსა და რკინიგზაზე და ჩვენმა ფერმერებმა და კომპანიებმა სახელმწიფოს მხარდაჭერა იგრძნონ“, — განმარტა შტაბის ამოცანები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

მანდარინის გასაღების ბაზარი

გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 28 ათას ტონამდე მანდარინი, აქედან ნახევარზე მეტი რუსეთში გავიდა.

მანდარინი ასევე გადის უკრაინაში, სომხეთში, ყაზახეთში, ბელარუსში, აზერბაიჯანში და სხვა ქვეყნებში.

გასული სეზონის მსგავსად, მიმდინარე სეზონზეც მანდარინი რუსულ ბაზარზე როგორც სახმელეთო გზით გავა — „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით, ასევე საზღვაო გზით — ბათუმის პორტიდან ნოვოროსიისკში.

ქართული მანდარინის ექსპორტი რუსულ ბაზარზე შვიდწლიანი პაუზის შემდეგ 2013 წელს აღდგა და წლიდან წლამდე იზრდება.


ყველა ახალი ამბავი
0