ოქროს ძიებაში ქართველმა ხელოსნებმა შუა საუკუნეების ქვევრი გაანადგურეს

გამოწერა
ხელოსნებმა ქვევრი აღმოაჩინეს და იმის იმედით, რომ მასში გადანახულ ოქროს იპოვიდნენ, ექსკავატორის ციცხვით გაანადგურეს

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ხელოსნებმა ბათუმის თამარის დასახლებაში შუა საუკუნეების ქვევრი დააზიანეს — საქართველოს შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

სოციალურ ქსელში ორშაბათს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აღმოაჩინეს ქვევრი ხელოსნებმა, რომლებსაც მიწისქვეშა კომუნიკაციები გაჰყავდათ. იმის იმედით, რომ მასში განძს იპოვიდა, ერთ-ერთმა მუშამ მისი ქვითა და ნიჩბით გატეხა განიზრახა, მაგრამ ვერ შეძლო. ამის შემდეგ საქმეში ექსკავატორი ჩაერთო, რომელმაც ქვევრი ციცხვით დაამსხვრია.

არქეოლოგები, რომლებიც ადგილზე უკვე ქვევრის დაზიანების შემდეგ მივიდნენ, მიიჩნევენ, რომ მუშებს აღმოჩენის შესახებ აუცილებლად უნდა ეცნობებინათ სპეციალისტებისთვის. შემთხვევას ისინი დანაშაულს უწოდებენ.

ქვევრი - Sputnik საქართველო
ვინ და რატომ მარხავდა ასწლოვან ქვევრებს?!

„სამუშაოს მწარმოებელი ვალდებულია, შეატყობინოს ეს სათანადო ორგანიზაციას. ბათუმში შესანიშნავი არქეოლოგიური მუზეუმია, სადაც ძალიან კარგი სპეციალისტები არიან და იმათთვის უნდა შეეტყობინებინათ აუცილებლად, ასე რომ, ეს საქციელი არის დანაშაული", — განაცხადა არქეოლოგმა, დიასპორის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა იულონ გაგოშიძემ ტელეარხ Rustavi2-თან ინტერვიუში.

სამუშაოს მწარმოებელი კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას და მას მთლიანად ხელოსნებს აკისრებს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით, რომელიც გულისხმობს უკანონო არქეოლოგიურ სამუშაოებს, არქეოლოგიური ობიექტების დაზიანებას. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

 

ყველა ახალი ამბავი
0