ვინ და რატომ მარხავდა ასწლოვან ქვევრებს?!

© ალავერდის ეპარქიის არქივიქვევრი
ქვევრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
XX საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო ღია თუ შეფარული ბრძოლა ქვევრისა და ქვევრის ღვინის წინააღმდეგ. 1988 წელს ოფიციალურად დგებოდა ქვევრის წარმოებიდან ამოღების საკითხი - თეიმურაზ ღლონტი.

80-90-იან წლებში ქართულმა მეღვინეობამ დაკარგა თავისი პირვანდელი სახე. მანამდე თუ საქართველო ითვლებოდა “საბჭოთა” ბაზარზე უმაღლესი ხარისხის სამარკო ღვინოების ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებლად, ამ პერიოდში ეს კარდინალურად შეიცვალა: საქართველოს მეღვინეობაში შემაგრებული ღვინოების წილი 1990 წლისათვის 75%-ს შეადგენდა. ეს იყო კატასტროფა. ქართულ მევენახეობაში უპირატესობა მიანიჭეს ყურძნის ორ ჯიშს: რქაწითელსა, (აღმოსავლეთ საქართველოში) და ცოლიკაურს (დასავლეთ საქართველოში). მკვეთრად შემცირდა ვაზის ისეთი უნიკალური ადგილობრივი ჯიშების ფართობები, როგორებიცაა: საფერავი, კახური მწვანე, ხიხვი, კრახუნა, ალექსანდროული, წულუკიძის თეთრა, გორული მწვანე, ჩინური, ჩხავერი და სხვები. დაიკარგა 137 ადგილობრივი წარმოშობის ვაზის ჯიშის ნერგი. დაინგრა და გაპარტახდა ვაზის უნიკალური კოლექციები და სანერგე მეურნეობები.  დანაკარგის აღდგენა კი 2006-2008 წლებში მოხერხდა, მოლდოვისა და ყირიმის საკოლექციო ნაკვეთებში.

ვის აინტერსებდა ჩვენი უნიკალური ჯიშების განადგურება და რა ბედი ეწიათ მათ, ამის შესახებ გვესაუბრება ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის წევრი, ალავერდის მონასტრის ენოლოგ-კონსულტანტი, ბატონი თეიმურაზ ღლონტი.

© ზურაბ ღლონტის პირადი არქივითეიმურაზ ღლონტი და ამბა ალავერდელი
თეიმურაზ ღლონტი და ამბა ალავერდელი - Sputnik საქართველო
თეიმურაზ ღლონტი და ამბა ალავერდელი

- ბატონო თეიმურაზ, როდის და სად უნდა განხილულიყო საკითხი, წარმოებიდან ქვევრის ამოღების თაობაზე?

— მაშინ სამიოდე წლის მისული ვიყავი საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. ერთ დღესაც, ჩემმა მეცნიერ-ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ბერიძემ დამიძახა, გამომიწოდა მოსაწვევი ბარათი და მეუბნება: წაიკითხე ერთი, ეს რა მოუფიქრებიათო. პროფესორი მიწვეული იყო კვების მრეწველობის საპროექტო ინსტიტუტში (ხელმძღვანელი ჯომარჯიძე), სადაც უნდა განხილულიყო საკითხი წარმოებიდან ქვევრის ამოღების თაობაზე. როგორც იტყვიან, დანა პირს არ უხსნიდა. რას იტყვიო?— მკითხა. მე დავწერ-მეთქი. დამეთანხმა, მეორე დილით მზად მქონდა მოხსენება. მომიწონა და მითხრა: შენც ჩემთან ერთად წამოხვალო. თათბირი ჩემი მოხსენებით დაიწყო, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია. განსაკუთრებულად მომიწონა გამოსვლა ბატონმა გივი ალექსი-მესხიშვილმა, ცნობილმა სპეციალისტმა და გამორჩეულმა მამულიშვილმა. ხმაურიანი კამათის შემდეგ, საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნეს. მაგრამ 70-იანი წლების პირველი ნახევრიდან ხალხმა ვენახების აჩეხვა დაიწყო, რასაც საფუძველი დაუდო მზაკვრულად გათვლილმა ეკონომიკურმა გეგმამ. მევენახე-გლეხობა მოითხოვდა ყურძნის შესასყიდი ფასის გაზრდას და ამას შეგნებულად ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლება. ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში 25-გვერდიანი მოხსენებითი ბარათი წარვადგინე მევენახეობა-მეღვინეობაში დაწყებული კრიზისული მოვლენების აღკვეთის მოთხოვნით. ეს იყო 1983 წელს. თვე-ნახევარი მატარეს უშედეგოდ, ბოლოს შემომთავაზეს: გვერდ-ნახევარზე დამეყვანა 25-გვერდიანი წერილი. ამგავრი ქმედება მივიჩნიე ამ უმნიშვნელოვანესი დარგის პრობლემატიკის აბუჩად აგდებად. ბოლოს მივხვდი, აზრი არ ჰქონდა მათთან ჭიდილს.

© ზურაბ ღლონტის პირადი არქივიალავერდის მონასტრის ვენახი
ალავერდის მონასტრის ვენახი - Sputnik საქართველო
ალავერდის მონასტრის ვენახი

- და შემდეგ რა მოხდა?

— ვინაიდან ოფიციოზმა ღიად ვერ მოახერხა ქვევრის გაუქმება, დაიწყეს ჩუმი პიარკამპანია ქვევრის ღვინის წინააღმდეგ. თანდათანობით მკვიდრდებოდა აზრი იმის შესახებ, რომ ქვევრი სიბინძურის წყაროა, რომ ქვევრის ღვინოს ტლანქი, უხეში გემო აქვს და მისი 5-6 თვიანი დადუღების შემდეგ, ღვინო დამძაღდებოდა, დამჟავდებოდა და მისი დალევა შეუძლებელი გახდებოდა; შესაბამისად, ქვევრის ღვინოს ევროპელი არ მიიღებდა. სამწუხაროდ, ასეთივე მოსაზრება ჰქონდა მრავალ სპეციალისტსაც. 1997-98 წლებში საქართველოს პარლამენტში ვაზისა და ღვინის კანონპროექტზე მუშაობისას, კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე დავაყენე საკითხი კანონპროექტში ქვევრისა და ქვევრის ღვინის, როგორც ქართული მევენახეობის გამორჩეულობის სიმბოლოს, შეტანის შესახებ. სამწუხაროდ, კომისიამ მხარი არ დამიჭირა. კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, `სამტრესტის” ყოფილმა მმართველმა ირონიული მზერით წარმოთქვა: “კარგი რა, რაღა დროს ქვევრი და ქვევრის ღვინოაო.” თითქმის ათწლიანი მუშაობის შემდეგ კანონპროექტი “ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს პარლამენტმა 1998 წელს, როგორც იქნა, სამივე მოსმენით დაამტკიცა. მაგრამ მოხდა ყოვლად გაუგონარი რამ: დამტკიცებული კანონიდან უჩუმრად ამოიღეს ორი მნიშვნელოვანი წინადადება: `საქართველო განეკუთვნება ხარისხოვანი და მაღალხარისხოვანი მევენახეობა-მეღვინეობის ზონას. მევენახეობა-მეღვინეობა ეროვნული ეკონომიკის პრიორიტეტული დარგია”. აღნიშნული მზაკვრული ქმედება გავაპროტესტეთ. ეს ხანგრძლივი კამპანია იყო. ბოლოს, პარლამენტმა აღადგინა მოპარული ტექსტი, მაგრამ სხვა კონტექსტით. 

© ზურაბ ღლონტის პირადი არქივიალავერდის მონასტრის ვენახი
ალავერდის მონასტრის ვენახი - Sputnik საქართველო
ალავერდის მონასტრის ვენახი

-როგორც ვიცი, ამით არ დასრულებულა ქვევრის ანტიპიარი, არა?

— ქვევრისა და ქვევრის ღვინის უარყოფის კამპანიას ისიც აძლიერებდა, რომ საწარმოებში ქვევრში ღვინო დეკემბრის ბოლომდეც კი არ ჩერდებოდა. წლის ბოლომდე წარმოებებს უნდა ეჩვენებინათ ღვინის პროდუქციის რაოდენობა და გეგმის შესრულება. ამის გამო ქვევრის ღვინოს არ ჰქონდა ტრადიციული წესით ღვინის დაყენების სრული ციკლის გავლის პირობები. 

ამ ყველაფერმა მოამზადა საფუძველი საიმისოდ, რომ ქართველ კაცს საკუთარი ხელით ამოევსო ქვევრები, ანუ დაემარხა ათასწლოვანი ისტორია. XX საუკუნე კრახით დასრულდა. თუმცა, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, XX საუკუნის ბოლოს, ევროპელებმა დაიწყეს ქართული ქვევრების შეძენა-გატანა უცხოეთში ღვინის დასაყენებლად და წარმატებული ბიზნესის საკეთებლად. 

© http://www.vinoge.com/eქვევრები
ქვევრები - Sputnik საქართველო
ქვევრები

-როგორც ცნობილია, ამ დიდი ბრძოლის შემდეგ, დაიწყო ქვევრისა და ქვევრის ღვინის აღორძინება…

2006 წლის ნოემბერში, ალავერდის ეპარქიაში დაგეგმილი იყო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება, რომელზეც წავიკითხე მოხსენება. მოხსენებაში ძირითადად, ხაზი გავუსვი ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციული წესის აღდგენის საჭიროებას. დავაყენე საკითხი, რომ წარმოებას მოეკიდა ხელი ამ საშვილიშვილო საქმის აღორძინებისათვის, მაგრამ მეუფე დავითმა მომმართა: წარმოება ამ საქმეს ვერ გააკეთებსო; თქვენთვის ღიაა ალავერდის მონასტერში ახლადაღდგენილი XI საუკუნის მარნის კარები, მობრძანდით და ჩაუდექით სათავეში ამ საქმის აღორძინებასო. 2007 წლის ოქტემბერში, პირველად ჩაიწურა 2006 წელს ახლადჩაყრილ ქვევრებში რქაწითელის ჯიშის ყურძენი. 2008 წლის 4 აპრილს გაიხსნა პირველი ქვევრი. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. შ.პ.ს. „ბადაგონის”, ცნობილი იტალიელი, მთავარი ენოლოგი, დოქტორი დონატო ლანატი გაოცებული იყო, მას ასეთი ღირსების ღვინო არასოდეს ჰქონია გასინჯული: „ჩვენი ცოდნა ვერ სწვდება ამ დიდ საიდუმლოს, ეს მხოლოდ ზეენოლოგიის სფეროს განეკუთვნებაო”.

სწორედ ამ ღვინომ 2009 წელს იტალიაში ჩატარებულ დიდ საერთაშორისო ფესტივალზე — „ვინ იტალიზე” ფურორი მოახდინა. 2010 წელს კი ქ. ლონდონში ჩატარებულ მაღალპრესტიჟულ „დეკანტერის” საერთაშორისო კონკურსზე ქვევრის კახური ღვინო 2007 წელს ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა, ხოლო კასრში დეყენებულმა საფერავმა უმაღლესი ჯილდო — რეგიონული გრან-პრი დაიმსახურა.

© "სად მელის" არქივიდანქვევრიდან ღვინის ამოღების პროცესი
ქვევრიდან ღვინის ამოღების პროცესი - Sputnik საქართველო
ქვევრიდან ღვინის ამოღების პროცესი

-ამ დიდი წარმატების მიუხედავად, 33-ე მსოფლიო კონგრესის გახსნის დღეს ძალიან უსიამოვნო ფაქტი მოხდა…

— 2010 წელს თბილისში ჩატარებულ ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესის გახსნის პირველივე დღეს, მისასალმებელი სიტყვით გამოსულმა საქართველოს პრეზიდენტმა „O.I.V.”-ს ხელმძღვანელობასა და კონგრესის ევროპელ სტუმრებს ასე მიმართა: „ჩამოდით საქართველოში და გვასწავლეთ, თუ როგორ მოვუაროთ ჩვენს მევენახეობა-მეღვინეობას, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ჩხავერის ვაზი, ჩამოდით და გვასწავლეთ ჩხავერის კარგი ღვინის დაყენებაო”. ამგვარმა მიმართვამ დიდი დაბნეულობა გამოიწვია. ეჭვის ქვეშ დადგა ქართული მევენახეობა-მეღვინეობის პრესტიჟი და საქართველოში მსოფლიო კონგრესის ჩატარების მიზანშეწონილობა. მეორე დილით, სესიის გახსნისთანავე დანიშნული იყო ჩემი გამოსვლა მოხსენებით: „ქართული ღვინის ისტორია და ტრადიციული ტექნოლოგიები”, რომელშიც ხაზი გავუსვი  ქართული ღვინის 8000-წლიან ისტორიასა და ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციულ წესებს, განსაკუთრებით კი ალავერდის მონასტრის მარანში ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი წესის აღდგენას. წაკითხულმა მოხსენებამ უარყოფითი განწყობა ყველას გაუფანტა. 

© ზურაბ ღლონტის პირადი არქივიალავერდის მონასტრის ვენახი
ალავერდის მონასტრის ვენახი - Sputnik საქართველო
ალავერდის მონასტრის ვენახი

2012 წლის დასაწყისში „კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ” მიმიწვია. შემომთავაზეს თანამშორმლობა ქვევრის ღვინის, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საგანძურის ნომინაციის შედგენაში, იუნესკოში გასაგზავნად. ინტენსიური და დაძაბული შრომის შედეგად, გაზაფხულზე ნომინაცია „ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციული ქართული მეთოდი” გაიგზავნა პარიზში — „იუნესკოში”, რომელმაც შენიშვნების გარეშე 2013 წლის 4 დეკემბერს, ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდი აღიარა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საგანძურად და გასცა შესაბამისი სერტიფიკატი.

წელს  ორი მნიშვნელოვანი თარიღი შესრულდა: ათი წელი კახური “მცვივანის” მოძიებისა და მისი სამეცნიერო გამოკვლევის დაწყების დღიდან, ხოლო მიმდინარე წლის ოქტომბერში შესრულდება ათი წელი ალავერდის მონასტრის მარანში ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული კახური წესის აღდგენიდან, რომელიც შეიძლება მივიჩნიოთ ვაზის ქართული გენოფონდის სამეცნიერო კვლევის აღორძინების თარიღადაც.

 

ყველა ახალი ამბავი
0