თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთის ეროვნული ფლოტის მრავალფუნქციური ფრეგატი Guepratte ბათუმის პორტში 22 ნოემბერს შემოვა, ნათქვამია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.
ფრანგული გემის ვიზიტის შესახებ ცნობილი გახდა მიმდინარე წლის ოქტომბერში, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თავის ფრანგ კოლეგა ფლორანს პარლისთან თბილისში მოლაპარაკებები გამართა. Guepratte ესტუმრება ბათუმს ქართულ-ფრანგული თანამშრომლობის ფარგლებში და საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 25 ნოემბრამდე დარჩება.
დახვედრის ოფიციალური ცერემონია პორტში გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე, გემის კაპიტანი ჟაკ მალარი, საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
იმავე დღეს Guepratte-ის ეკიპაჟის წევრები ესტუმრებიან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და სტუდენტ-ფრანკოფონებს შეხვდებიან.
ვიზიტის ფარგლებში 23 და 24 ნოემბერს დაგეგმილია ქართველი და ფრანგი მეზღვაურების ერთობლივი წვრთნები ყვინთვასა და ხანძრისა და წყლის წინააღმდეგ ბრძოლაში. შემდეგ ფრანგი და ქართველი მეზღვაურები ფეხბურთს ითამაშებენ.
ეს საქართველოში საფრანგეთის ეროვნული ფლოტის გემის პირველი ვიზიტი არ არის. 2016 წლის ოქტომბერში ბათუმს საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების საბრძოლო ჰომალდი Premier maitre l'Her ეწვია.