თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ბორჯომის საკრებულოში მეორე დღეა არ ცხრება ხმაური — უმცირესობაში აღმოჩენილი „ქართული ოცნება“ მის ლეგიტიმურობას არ ცნობს.
ბორჯომის საკრებულოში მმართველ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს“ 13 ადგილი აქვს, ოპოზიციას — 15. არჩევნების შედეგების მიხედვით ოპოზიციური მანდატები შემდეგნაირად განაწილდა: „პატრიოტთა ალიანსი“ – 11 დეპუატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 2, „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და ლეიბორისტული პარტია — თითი-თითო დეპუტატი.
უმრავლესობაში აღმოჩენილმა ოპოზიციამ „პატრიოტთა ალიანსიდან“ დეპუტატი ზაზა ჩაჩანიძე საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩია და კომისიები ჩამოაყალიბა. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა კენჭისყრამდე დატოვეს სხდომათა დარბაზი, სადაც განხილვის დროს ძლიერი ხმაური იყო.
ახლა „ქართული ოცნება“ სასამართლოში სარჩელს ამზადებს, რომელშიც საკრებულოს მუშაობის არაკანონიერად აღიარებას მოითხოვს.
„ხვალიდან ვერ ჩავერთვებით იმიტომ, რომ ჩვენი უფლებამოსილება არ არსებობს, საკრებულოს სხდომა გადადებულია, ანუ ხვალიდან ჩატარებული საკრებულოს სხდომა იქნება არაკანონიერი, ამიტომ არაკანონიერ მოქმედებებში ჩვენ ჩართვას არ ვაპირებთ,“ — განაცხადა „ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი კვირკველიამ.
შექმნილ ვითარებაზე კომენტარი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გოგიჩაიშვილმაც გააკეთა.
„ჩვენ გავაგრძელეთ სხდომა, ავირჩიეთ თავმჯდომარე, მისი მოადგილეები და კომისიების თავმჯდომარეები. და გადავეცით დოკუმენტაცია აპარატს და ამით ჩვენი ლეგიტიმურობა ვაღიარეთ“, — განაცხადა გიგიჩაიშვილმა.
ამგვარად, ბორჯომის რაიონი — ერთადერთია, სადაც მერს, მმართველი პარტიის წარმომადგენელს, საკუთარი გადაწყვეტილებების შეთანხმება ოპოზიციურ საკრებულოსთან მოუწევს.
64 ქალაქისა და რაიონის მერების, ასევე საკრებულოს არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართა. უმეტეს შემთხვევაში ისინი „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდა.