თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად თიანეთის რაიონის მერი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი თამაზ მეჭიაური ხდება, იუწყება ტელეკომპანია "იმედი" (Imedi).
ოთხშაბათს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ თიანეთში გამართულ მერის არჩევნებში სწორედ მეჭიაურია გამარჯვებული. მეჭიაურისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლის ლელა ქიტესაშვილის მიერ მოპოვებულ ხმებს შორის განსხვავება მიზერული აღმოჩნდა. საარჩევნო კომისიის მიერ ქიტესაშვილის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გაასაჩივრა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კი, თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრმა“ გაასაჩივრა.
„ყველას მადლობა მინდა ვუთხრა. აქ ვხედავ როგორც ჩემი კუთხის წარმომადგენლებს, ასევე თბილისიდან უცხო სახეებსაც, და ყველას მინდა მადლობა გადავუხადო", — განაცხადა მეჭიაურმა სააპელაციო სასამართლოს სხდომის შემდეგ.
მეჭიაურის მთავარმა მეტოქემ, ლელა ქიტესაშვილმა მას წარმატება უსურვა.
„განსხვავებულ გადაწყვეტილებას ველოდი და განმეორებით კენჭისყრას ვისურვებდი, მაგრამ რადგან სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ერთადერთს ვისურვებ – თიანეთის განვითარება გაგრძელდეს და შეძლოს თამაზ მეჭიაურმა, რომ იმაზე უკეთესი მერი იყოს, ვიდრე მე ვიყავი", — განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა.
არჩევნების დღეს, საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თიანეთის ყველა საარჩევნო უბანზე ერთი ხმით მეჭიაურმა გაიმარჯვა. მან ხმების 50,01%, ქიტესაშვილმა კი 49,99% აიღო.
მოგვიანებით საარჩევნო კომისიაში ხმების ხელახლა დათვლა გადაწყვიტეს. ხუთი გაუქმებული ბიულეტენი, რომლებშიც ხმა მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ იყო მიცემული, ქმედითად ჩათვალეს და ამის შედეგად ქიტესაშვილმა მეჭიაურს ოთხი ხმით გაუსწრო.
ამ გადაწყვეტილებას მეჭიაური არ დაეთანხმა და ის სასამართლოში გასაჩივრდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდა.