ქუცნაშვილისა და მეჭიაურის ვატერლოო და გამარჯვებული ქართული საზოგადოება

გამოწერა
ის, რაც თიანეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს განვითარდა, მხოლოდ დაბალი დონის ბლოკბასტერებში თუ გვინახავს – ჯერ გადამალული და ბათილად ცნობილი ბიულეტენები, შემდეგ ბიძაშვილ-მამიდაშვილის სატელევიზიო დუელი და შეურაცხმყოფელი ფრაზები...

თიანეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, როგორც ჩანს, მართლაც თამაზ მეჭიაურმა მოიგო. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია არა ხმების რაოდენობაში სხვაობა, არამედ ის, თუ რა დონის სახელისუფლებო რესურსი იქნებოდა გამოყენებული მის წინააღმდეგ და მაინც როგორ მოახერხა სახელისუფლებო კანდიდატის ოდენობის ხმები მოეგროვებინა. თამაზ მეჭიაურს მხარს არა მხოლოდ თიანელები, არამედ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის რამდენიმე მსხვილი პოლიტიკური თანამდებობის პირიც უნდა უჭერდეს და სწორედ ამაზე მეტყველებს გია ჟორჟოლიანის, გია ვოლსკისა და ეკა ბესელიას კომენტარები…

საერთოდ, ბესელიასა და ქუცნაშვილის „სიყვარულის“ ამბავი საყოველთაოდაა ცნობილი. ამბობენ, რომ ისინი ბიძინას კარზე ჯერ კიდევ 2011 წლიდან იბრძვიან ფავორიტობისთვის და თვალის დასანახად ვერ იტანენ ერთმანეთს. ანუ უმრავლესობის ნაწილს ქუცნაშვილის ჩაწიხვლის საშუალება მიეცა და არც დაახანეს. ამასობაში საზოგადოებამ შეიტყო, რომ ზაქარია ქუცნაშვილი სულ რამდენიმე წელში ისე გამდიდრებულა, რუსთავსა და ნაფარეულში მამულები შეუძენია, ხოლო მთავრობამ თურმე მის ძმას არა მარტო მიწა და 150 ათასი გამოუყო ბიზნესის წამოსაწყებად, არამედ 33 ათასი ლარის ვალიც აპატია და ეს ყველაფერი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს…

© Facebook / courtesy of Tamaz Mechiauriთამაზ მეჭიაური
Депутат Тамаз Мечиаури - Sputnik საქართველო
თამაზ მეჭიაური

რაც შეეხება თამაზ მეჭიაურს, მიუხედავად იმისა, რომ ის მართლაც ორი მოწვევის დეპუტატი და პოლიტიკურ ბრძოლებში გამობრძმედილი ადამიანია, ამ შემთხვევაში მარტო დარჩა. როგორც გულახდილი ადამიანი, თამაზ მეჭიაური აღიარებს, რომ ყოფილ თანაკურსელს — ბიძინა ივანიშვილს მისი ამბავი არც კი მოუკითხავს. ამიტომ ის იძულებული გახდა, თუნდაც კენჭისყრით შეეხსენებინა თავი ახალგაზრდობის მეგობრისთვის. ცნობილია, რომ, ზოგადად, ივანიშვილს არ უყვარს ხმაურიანი ხალხი და ყველა, ვინც პოლიტიკაში ზედმეტად აჟიოტაჟს ტეხს, უბრალოდ, გარიყული ხდება პოლიტიკური პროცესისგან.

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
Премьер-министр Грузии Георгий Квирикашвили (справа) с депутатом парламента Закария Куцнашвили - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

რითი დასრულება ქუცნაშვილი-მეჭიაურის სატელევიზიო დუელი და ბრძოლა თიანეთისთვის? ჩემი ვარაუდით, ლელა ქიტესაშვილის გამარჯვებით. სადაც არ უნდა იჩივლოს მეჭიაურმა, უმრავლესობა დაიცავს არა ზაქარია ქუცნაშვილს და მის პროტეჟეს, არამედ საკუთარ თავს და დაუმარცხებლის იმიჯს. თუ თიანეთში მეჭიაურის მხრიდან გამარჯვება შესაძლებელი გახდა დამოუკიდებლად, ფულისა და მმართველი პოლიტიკური ძალის გარეშე, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვებსაც შეუძლიათ მიბაძონ მეჭიაურის მაგალითს და საკმაოდ სერიოზული კონკურენცია გაუწიონ უკვე დისკრედიტებულ ხელისუფლებას, რომელმაც არჩევნები მოიგო, მაგრამ დიდი სახელისუფლებო რესურსისა და არჩევნებზე მოუსვლელი ხალხის ხმების ხარჯზე. ეს კი საშიშია. საშიშია, რადგან ექსპერტები ფიქრობენ, რომ „ქართულ ოცნებას“, სულ მცირე, 2024 წლამდე სურს ქვეყნის მართვა. სწორედ იმიტომაა საშიში მთიელი მეჭიაური, რომ მის გამარჯვებას, შესაძლოა, დომინოს ეფექტი ჰქონდეს. არადა, როგორ ამოსვლია ხალხს ყელში თიანეთში არსებული სიტუაცია, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისა და პოლიტიკური ლიდერების დიდი ნაწილი ამ არჩევნებისთვის მეჭიაურის მხარეზე დადგა, არა იმიტომ, რომ ის ძლიერი მენეჯერი და მაღალი რეპუტაციის მქონე პირია, არამედ იმიტომ, რომ უარი უთხრან „ქართული ოცნების“ კონკრეტული წარმომადგენლობის მმართველობას.

თამაზ მეჭიაური - Sputnik საქართველო
თამაზ მეჭიაურმა თიანეთში მერის არჩევნები მოიგო

როგორც არ უნდა დასრულდეს სასამართლო პროცესი, თიანეთში განვითარებული მოვლენები პოლიტიკური ვატერლოოა როგორც ზაქარია ქუცნაშვილის, ასევე თამაზ მეჭიაურისთვისაც. ამ მოველენებში ერთადერთი გამარჯვებული მხარე ქართული საზოგადოებაა, რომელმაც შეიტყო, თუ რატომ ისწრაფვიან ადამიანები ხელისუფლებისკენ. საქართველოში პარლამენტში ყოფნა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოპულისტი ხარ და დღედაღამ ხალხზე ლაპარაკობ, იაფი კრედიტების, კარგი ცხოვრების მოწყობისა და ელიტაში ტრიალის საშუალებაა და არა ხალხის მსახურების!

და თუ საზოგადოების მორალი ცოტათი უფრო მაღალია, აუცილებლად ეტყვის ამ ყველაფერს არას, და თუ არა — მაშინ ასეთივე პოლიტიკოსებისა და „საზოგადო მოღვაწეების“ ზეობის ფონზე გაგრძელდება ცხოვრება ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში.

P.s. სტატია უკვე მზად იყო, როცა მცხეთის რაიონულმა სასამარათლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა და თამაზ მეჭიაური ერთი ხმის უპირატესობით გახდა თიანეთის მერი. მართალია, ასეთ სამართლიანობას არავინ ელოდა, მაგრამ ფაქტია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ ცხადყო: 1. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. 2. ერთი ხმაც გადამწყვეტია დემოკრატიისთვის და 3. ხალხის ნებას ვერავინ გადაუვა. თამაზ მეჭიაურმა შეძლო არჩევნების მოგება ურთულეს პირობებში, პოლიციისა და ჯარის საოლქო კომისიასთან მობილიზაციისა და ქიტესაშვილისთვის ხელისუფლების მყარი მხარდაჭერის მიუხედავად. და, კიდევ — ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში მართვა ისევ კაცების საქმე ჰგონიათ… საქართველოში ერთადერთი მერი ქალი ვეღარ გახდება.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0