თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში საწვავის გაძვირება ეროვნული ვალუტის გაიაფებამ და მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებმა განაპირობა, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან" „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა.
„თუ ჩვენს ბაზარზე შექმნილ ვითარებას გადავხედავთ, შევამჩნევთ, რომ ბოლო ორ თვეში საწვავის ფასი ხუთჯერ გაიზარდა. ეს ძირითადად დაკავშირებულია მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებთან, კერძოდ, იმასთან, რომ ნედლ ნავთობზე ფასის მატებამ მზა პროდუქტი გააძვირა. ამას დაემატა ეროვნული ვალუტის დევალვაცია და ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანიების მხრიდან მაქსიმალური მოგების მიღების სურვილი", — აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.
21 ნოემბერს ბენზინგასამართ სადგურებზე „ევრო რეგულარის" მარკის ბენზინი-2,02 —2,23 ლარი ღირს, „პრემიუმი"-2,12-2,35, ხოლო „სუპერი" — 2,43-2,53 ლარი. რაც შეეხება დიზელის საწვავს, მისი ფასი 1,95-დან იწყება და 2,19 ლარს აღწევს, ევრო დიზელი კი 2,04 —2,27 ლარია.
პაატა ბაირახტარის ინფორმაციით, აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო „პრემიუმის" ტიპის ლიტრ ბენზინს 1,98 ლარად ყიდულობს, ხოლო მოსახლეობაზე ნავთობკომპანიები ბევრად უფრო ძვირად ყიდიან.
ნაბვთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, 2017 წლის 20 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 62,22 (- 0,50) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) — Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 56,09 (- 0,46) დოლარი/ბარელზე.