თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მეექვსმილიონე ტურისტმა ჯესპერ ბლექმა ჰოლანდიის მოსახლეობას პრეზენტაციაში Georgia Welcomes You საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ უამბო, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
იმის წყალობით, რომ ბლექი 2016 წელს „საიუბილეო" ტურისტი გახდა, მას საქართველოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ვახშმობის პატივი ერგო. გარდა ამისა, მისთვის შემუშავდა სპეციალური კულტურულ-გასართობი პროგრამა, რომელზეც გადაიღეს ვიდეოკლიპი, ამ კლიპმა კი შემდეგ ორი „კანის ლომი" მოიპოვა.
პრეზენტაცია ჰოლანდიაში საქართველოს საელჩოში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, ასევე ჟურნალისტები. სტუმრებს ქართული ეროვნული კერძებისა და კახური ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ასევე საქართველოს ელჩმა ნიდერლანდებში ისაუბრეს იმაზე, თუ რატომ არის მიმზიდველი საქართველო უცხოელი სტუმრებისთვის.
რაც შეეხება ჯესპერ ბლექს, მან, ქვეყნის მეექვსმილიონე სტუმრად გახდომის შემდეგ, თავისი ცხოვრების ნაწილობრივ საქართველოსთან დაკავშირება გადაწყვიტა. მან მონაწილეობა მიიღო პოპულარულ ქართულ ტელეშოუში „ცეკვავენ ვარსკვლავები", გახდება ყოველწლიური საბავშვო ვოკალური კონკურსის, ევროვიზიის წამყვანი, რომელიც თბილისში 26 ნოემბერს გაიმართება.
2017 წლის ათ თვეში საქართველოს ჰოლანდიიდან 12 ათასზე მეტი სტუმარი ეწვია, რაც ვიზიტორების საერთო მოცულობის 0,2%-ია. გასული წლის მონაცემთან შედარებით ზრდა 35%-ს შეადგენს.