მეექვსმილიონე ტურისტი და ქართული დახვედრით მიღებული შოკი

© FB/ Makho Kipshidzeჯესპერ ბლექი მცხეთაში
ჯესპერ ბლექი მცხეთაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიდეორგოლი, რომელიც საქართველოში მეექვსმილიონე ტურისტის დახვედრას ასახავს, უკვე ლამის ყველამ ნახა. „Sputnik-საქართველომ“ კი მოძებნა ეს იღბლიანი მოგზაური და გაესაუბრა მას. პროექტი „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ სწორედ მის შთაბეჭდილებებს გიზიარებთ.

საქართველოს მეექვსმილიონე უცხოელი ვიზიტორი წარმოშობით ნიდერლანდებიდანაა, მაგრამ ამჟამად ესპანეთში, ბარსელონაში ცხოვრობს. მას ჯესპერ ბლექი ჰქვია, ჟურნალისტი და ვიდეობლოგერია, 35 ქვეყანა აქვს მოვლილი, მაგრამ ყველაზე საოცარ თავგადასავლად საქართველოში მოგზაურობა ექცა.

იღბლიანი, ანუ მეექვსმილიონე ტურისტი

თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა. ხანგრძლივი ფრენითა და რამდენიმე გადაჯდომით დაღლილმა ბარგი ავიღე და დერეფანში გასვლის რიგს დაველოდე. და, აი, უკვე მხნედ მივაბიჯებ საპასპორტო კონტროლისკენ. წარმოდგენა არ მაქვს, რა მელის წინ…

ლამაზმა გოგონამ ღიმილით დახედა ჩემს პასპორტს, ორიოდე სტანდარტული შეკითხვა დამისვა და პასპორტში შტამპი დასვა: როგორც იქნა, საქართველოში ვარ!

ოჰო, ერთი ბოთლი ღვინო მაჩუქეს — რა სასიამოვნო სიურპრიზია. გახსნილი გულით ჩამოვედი და ამ ქვეყანამ ის უკვე დაიპყრო.

უცნაურობები მაშინ დაიწყო, როდესაც მოსაცდელ ზონაში გავედი. მახსოვს ძალიან ბევრი პოლიციელი აეროპორტში. ყველგან კინოკამერები იდგა და ოპერატორები მიმოდიოდნენ. ყველაფრიდან ჩანდა, რომ რაღაცას იღებდნენ, ჩემი ვარაუდით – ფილმს. აბა, რას წარმოვიდგენდი, რომ მე მიღებდნენ?!

© FB/ Makho Kipshidzeჯესპერ ბლექი ნაბადსა და ფაფახში
ჯესპერ ბლექი ნაბადსა და ფაფახში - Sputnik საქართველო
ჯესპერ ბლექი ნაბადსა და ფაფახში

თანაც იმ მომენტში ის უფრო მაფიქრებდა, რომ არავინ დამხვდა. არადა, აეროპორტში ჩემი შეყვარებული ნინო უნდა მოსულიყო, მაგრამ ის არსად ჩანდა. სამაგიეროდ დავინახე კაცი, რომელსაც ხელში ეჭირა ფურცელი ჩემი ნადვილი გვარ-სახელით. ამან უზომოდ გამაკვირვა, იმიტომ რომ ტუროპერატორის მომსახურებით არ მისარგებლია, ინტერნეტში კი ყველგან ფსევდონიმით ვარ დარეგისტრირებული. ვიფიქრე, ალბათ ნინომ სთხოვა, რომ დამხვედროდა-მეთქი.
ბუნებრივია, მივედი ამ კაცთან, რომელმაც მაშინვე ტაქსისკენ წამიყვანა. გავყევი. რა არის ამაში უცნაური? არაფერი. ეს ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ როცა ჩვენს მანქანას პოლიციის ესკორტი აედევნა, მაშინ კი თავი ფილმის გმირად ვიგრძენი.

© FB/ Makho Kipshidzeჯესპერ ბლექი: საქართველომ გამაოცა! ამ ქვეყნის კულტურა შემიყვარდა
ჯესპერ ბლექი: საქართველომ გამაოცა! ამ ქვეყნის კულტურა შემიყვარდა - Sputnik საქართველო
ჯესპერ ბლექი: საქართველომ გამაოცა! ამ ქვეყნის კულტურა შემიყვარდა

მძღოლი კითხვებზე არ მპასუხობდა, მხოლოდ კონვერტი მომაწოდა, რომელშიც იდო ფურცელი წარწერით: „ძვირფასო ჯესპერ, შენ ჩვენთვის განსაკუთრებული სტუმარი ხარ. მოემზადე სიურპრიზებისთვის. საქართველო“.
მანქანის კუთხეში კამერა შევნიშნე, რომელიც პანორამულ ვიდეოებსა და ფოტოსურათებს იღებს. არც კი ვიცოდი, რა მეფიქრა…

თბილისის ფილარმონიას რომ მივუახლოვდით, საერთოდაც შოკი მივიღე — იქ დიდ ეკრანზე ჩემი ფოტო ანათებდა. ეს ყველაფერი ძალიან უჩვეულო იყო. თავში ათასნაირი გრძნობა და ემოცია მერეოდა.

საპატიო ვახშამი

მანქანა გაჩერდა. ჩვენი ესკორტი დანიშნულების ადგილს მიუახლოვდა. მანქანიდან გადმოვედი, ირგვლივ უამრავი ვიდეოკამერებიანი ადამიანი დავინახე, უკრავდა სასიამოვნო მუსიკა, დადიოდნენ ლამაზი ქალბატონები… და უცბად ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გამეცნო!

© FB/ Makho Kipshidzeჯესპერ ბლექი მწვადის შეწვის დროს
ჯესპერ ბლექი მწვადის შეწვის დროს - Sputnik საქართველო
ჯესპერ ბლექი მწვადის შეწვის დროს

მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერს ის მართავდა: პოლიციასაც და გადამღებ ჯგუფსაც, რომ ფილარმონიაზე ჩემი ფოტოც მისი ნებართვით „აანთეს“. უცნაური გრძნობა დამეუფლა. მიჭირდა იმის დაჯერება, რომ ასეთი რამ ჩემს თავს ხდებოდა. ვერ ვაცნობიერებდი და ჯერ ვერ ვხვდებოდი, რომ სწორედ ეს საღამო გახდებოდა ყველაზე დასამახსოვრებელი ჩემ ცხოვრებაში.

მერე პრემიერ-მინისტრმა სუფრასთან მიმიწვია. დავაგემოვნეთ სხვადასხვა ღვინო და კერძი. ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო. ქართული სამზარეულო უბრალოდ შემიყვარდა, ხინკალი კი საერთოდაც ფავორიტი გახდა. ამიხსნეს, რომ ის ხელით იჭმება, ოღონდ ჯერ წვენი უნდა დალიო. საკმაოდ ეგზოტიკური და საინტერესო გემო ჰქონდა.

ვახშამი ცეკვის თანხლებით მიმდინარეობდა. ეს რაღაც წარმოუდგენლად ლამაზი და უჩვეულო ბალეტი იყო ჩემთვის უცხო, მაგრამ საოცრად მიმზიდველი მუსიკის ფონზე.

საქართველომ ამითაც გამაოცა! ამ ქვეყნის კულტურა შემიყვარდა.

© FB/ Makho Kipshidzeჯესპერ ბლექი სვეტიცხოველში
ჯესპერ ბლექი სვეტიცხოველში - Sputnik საქართველო
ჯესპერ ბლექი სვეტიცხოველში

ეს ყველაფერი რამდენიმე საათში მოხდა. დღეს ვერც კი ვიხსენებ, რომელ დღეს ჩამოვფრინდი თბილისში. საშობაო არდადეგები კი იყო. მაშინ მომხდარის გაცნობიერების დროც არ მქონდა. მგონი, მხოლოდ სამშობლოში დაბრუნებულმა გავაცნობიერე, რაოდენ საინტერესო თავგადასავალიც გადამხდა. 

გაცნობა საქართველოსთან

მეორე დღეს გადამღებ ჯგუფთან ერთად ქვეყნის მასშტაბით სამოგზაუროდ გავეშურე. ვეწვიეთ ბათუმს, მოვინახულეთ გოდერძის უღელტეხილი, ვიყავით სიღნაღში, ბაკურიანში, მცხეთაში და, რა თქმა უნდა, თბილისიც შემომატარეს, საიდანაც დაიწყო კიდეც ჩემი საოცარი თავგადასავალი.

ყოველი დღე საინტერესო მოვლენებით იყო სავსე. საღამოობით ნამდვილ ქართულ სასმელს — ჭაჭას მივირთმევდით და ქართული მუსიკის თანხლებით ვერთობოდით.

© FB/ Makho Kipshidzeჯესპერ ბლექის საოცარი თავგადასავალი საქართველოში
ჯესპერ ბლექის საოცარი თავგადასავალი საქართველოში - Sputnik საქართველო
ჯესპერ ბლექის საოცარი თავგადასავალი საქართველოში

დღეს, როდესაც ამ ვიდეორგოლს ხელახლა ვუყურებ, ვხვდები, რომ ის ვერ გადმოსცემს ყველა ემოციას, რომელსაც მაშინ განვიცდიდი. ფოტოებსა და ვიდეოს არ შეუძლია სრულად ასახოს სინამდვილე. ხომ გაგიგონიათ, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო…

საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები. ახლაღა ვხვდები, რომ ამ ქვეყნის დასათვალიერებლად ერთი კვირა ძალიან ცოტა დროა.

ქართველები? ქართველები თბილი, გულღია და სამშობლოთი ამაყი ხალხია. ჰოდა, ახლა ზაფხულს ველოდები, რომ კიდევ ერთხელ დავეშვა თბილისის აეროპორტში.

ყველა ახალი ამბავი
0