კალაძის პირველი დავალებები - თბილისის მერიას რეფორმები ელოდება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერიის შენობა
თბილისის მერიის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეფორმების მთავარი მიზანია ის, რომ მერია მაქსიმალურად უნდა იყოს ორიენტირებული თბილისელებზე

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის პირველ სხდომაზე საქალაქო სამსახურების უფროსებს სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიზნით მუშაობის დაწყება დაავალა.

სისტემური და ეფექტური მართვის უზრუნველყოფისთვის შესაბამისი ბრძანებები მიიღეს მერიის სტრუქტურულმა ერთეულებმა და უწყებას დაქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა. კალაძემ თბილისის მერიის რეფორმები მისი უფლებამოსილების ამოქმედების დღეს, 12 ნოემბერს დააანონსა.

„ჩვენი მიზანია, თბილისის მერია გახდეს მოქნილი, მოქალაქეებზე მეტად ორიენტირებული უწყება და დაგეგმილი რეფორმაც, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. პროცესი იქნება აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე და კონკრეტული ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას", — განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე ქალაქის მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო
კალაძე თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს ხელახლა დაწერს

მერმა კიდევ ერთხელ უსურვა წარმატებები ქალაქის მთავრობის ახალ გუნდს და აღნიშნა, რომ მოქალაქეები იმ არსებით ცვლილებებს, რომლებიც უახლოეს მომავალში განხორციელდება დედაქალაქის კეთილდღეობისთვის, ძალიან მალე იგრძნობენ.

„ღია და გამჭვირვალე სტრუქტურული ერთეულები, კოორდინირებული და გუნდური მუშაობა, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა და საქმისადმი ერთგულება ის მთავარი პრინციპებია, რაც მომავალი ოთხი წლის საქმიანობას საფუძვლად უნდა დაედოს და ეს ასეც იქნება", — აღნიშნა კალაძემ.

უფრო ადრე კალაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად დაგეგმილი სერიოზული ცვლილებებისა, ქალაქის მთავრობის თანამშრომლების უმეტესობის გათავისუფლებას არ აპირებს.

მერიის წარმომადგენლების განცხადებით, მთავარი ამოცანაა ქალაქის ყველა მცხოვრებისთვის მერიის ყველა სერვისის ხელმისაწვდომობა. ამას გარდა, კალაძე თბილისის მერიისა და მისის სამსახურების სერვისებისთვის „ერთი ფანჯრის პრინციპის" ამოქმედებას გეგმავს, ასევე, სერვისების ნაწილი ონლაინ რეჟიმში გახდება ხელმისაწვდომი.

ასევე ახალი მერი მერიის სტრუქტურის შეცვლას გეგმავს, რაც საქალაქო სამსახურების სახეცვლილებას ან მათი ნაწილის გაერთიანებას გულისხმობს.

ამასთან, სამსახურების შექმნის ან შეცვლის დროს თანამშრომლებს კონკურსის საფუძველზე შეარჩევენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0