კალაძე თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს ხელახლა დაწერს

© FB / Tbilisi City Hallკახა კალაძე ქალაქის მთავრობის სხდომაზე
კახა კალაძე ქალაქის მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის ახალი მთავრობის პირველი სხდომა ჩაატარა

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ახალმა მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობას საკრებულოდან დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის გამოთხოვა და მისი წინასაარჩევნო პროგრამის შესატყვისი ცვლილებების შეტანა დაავალა.

საკრებულომ თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობა გასულ კვირაში დაამტკიცა. თავად კალაძე კი მოვალეობების შესრულებას 13 ნოემბერს შეუდგა.

„ჩვენი საარჩევნო პროგრამა შვიდი ძირითადი პოლიტიკისგან შედგებოდა და მთლიანად იყო ასახული ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს თბილისს აწუხებს. შესაბამისად, ბიუჯეტში, რომელიც დღეს თბილისის საკრებულოშია წარდგენილი, ვერ ჩავერეოდით, რადგან საკრებულოს მხრიდან მთავრობა არ იყო დამტკიცებული და ამის არანაირი უფლებამოსილება არ გვქონდა. შესაბამიასდ, მასში ვერ შევიტანდით ჩვენს ხედვებსა და გეგმებს, თუ რა პროექტები უნდა ასახულიყო ქალაქთან დაკავშირებით", — განაცხადა კალაძემ სხდომაზე.

თბილისის მერიის შენობა - Sputnik საქართველო
თბილისს ახალი მთავრობა ჰყავს

კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, გამოითხოვოს ბიუჯეტის პროექტი საკრებულოდან, რათა მასში ახალი მთავრობის ყველა გეგმა აისახოს და შემდეგ, შესაბამის ვადებში უკან, საკრებულოში დაბრუნდეს.

„მასში აუცილებლად უნდა იყოს ასახული ის კონკრეტული პროექტები, რომელიც ჩვენ 2018 წელს გვაქვს დაგეგმილი", — განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში 10 ნოემბერს შევიდა. შემოსულობები და ასიგნებები, ორივე შემთხვევაში, გათვალისწინებულია 815,2 მილიონ ლარზე მეტი ოდენობით. ამავე დროს, ბიუჯეტის შემოსავლების პროგნოზია 763,7 მილიონზე მეტი ლარი, ხოლო ხარჯები — 587,3 მლნ ლარი, აღნიშნულია საკრებულოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ყველაზე დიდი თანხა — 47,9 მლნ ლარი გათვალისწინებულია საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რემონტზე. ქალაქის კეთილმოწყობაზე — 26,9 მლნ ლარი, სკოლამდელი დაწესებულებების განვითარების ხელშეწყობაზე — 20 მილიონ ლარზე მეტი.

CT Park - Sputnik საქართველო
კალაძეს მერიის ბიუჯეტიდან „C.Т. პარკისთვის“ 25 მლნ ლარის გადახდა არ სურს

რაც შეეხება კალაძის პროგრამას, მერია აპირებს, რომ უზრუნველყოს თბილისი კომფორტული სამარშრუტო მიკროავტობუსებით, განაახლოს მეტროპოლიტენი და ავტობუსების პარკი.

ახალმა მერმა პირობა დადო, რომ ოთხ წელიწადში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში გადაადგილების ძირითადი საშუალება იქნება, რაც დედაქალაქის ავტომობილებისგან განტვირთვას შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, კალაძე დედაქალაქში სამშენებლო სფეროს რეგულირების გამკაცრებას აპირებს. მის გეგმაშია ქალაქის არქიტექტურული სამსახურის რეფორმირება, რომელიც დედაქალაქში მშენებლობის გაცემის ნებართვის გაცემის საკითხს მიხედავს.

ასევე, თბილისის მერი ქალაქის სისუფთავის გაკონტროლებას აპირებს. ყველა მიწისქვეშა გადასასვლელში დამონტაჟდება ვიდეოკამერები, მანამდე კი წესრიგს ქვეითი პატრული დაიცავს.

კალაძე პარკინგის პრობლემის მოგვარებასაც გეგმავს. მან უკვე განაცხადა, რომ სასამართლოში იჩივლებს კომპანია C.T. Park-ის წინააღმდეგ, რომელიც ქალაქში ამ საკითხს აკონტროლებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0