კალაძეს მერიის ბიუჯეტიდან „C.Т. პარკისთვის“ 25 მლნ ლარის გადახდა არ სურს

გამოწერა
თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ „C.Т. პარკთან“ დაკავშირებით გეგმები გაახმოვანა.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერია კომპანია „C.Т. პარკის“ წინააღმდეგ, რომელიც დედაქალაქში პარკირებაზეა პასუხისმგებელი, სასამართლო დავას დაიწყებს, განაცხადა თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ ტელეარხზე Imedi.

კომპანია „C.Т. პარკი“ თბილისში პარკირების მართვის ექსკლუზიური უფლებით 2007 წლიდან სარგებლობს. კონტრაქტი 15 წლის ვადით არის გაფორმებული. თბილისის მოქმედმა მერმა დავით ნარმანიამ არაერთხელ უწოდა აღნიშნულ კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებას კაბალური.

„თბილისის მცხოვრებლების უმეტესობა უკმაყოფილოა ამ კომპანიით, ჩვენი მიდგომები სამართლიანი იქნება. იმ ჯარიმებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ კომპანიამ გამოწერა და რომლებიც გასაჩივრებული იქნა, 99%-ში გადაწყვეტილება მოქალაქეების სასარგებლოდ იქნა გამოტანილი. შესაბამისად, ჩნდება აზრი, რომ ეს კომპანია უკანონოდ მოქმედებს. იყო მოსაზრება, ხომ არ გადაგვეხადა კომპანიისთვის 25 მილიონი და თავად წასულიყო. თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, ეს კომპანია ბედნიერი იქნება. თუმცა, თუ არის სასამართლო დავის შესაძლებლობა, მაშინ რატომ უნდა დავხარჯოთ ეს თანხა?" — განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა სასამართლოში ვიხილოთ საქმე „თბილისის მერია „C.Т. პარკის“ წინააღმდეგ", კალაძემ უპასუხა: „ცხადია!"

კალაძე მერის პორტფელს ოფიციალურად 12 ნოემბერს ჩაიბარებს.

ჯერ კიდევ თბილისის მოქმედმა მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს კომპანია „C.Т. პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება მხოლოდ კომპანიის ინტერესებზეა გათვლილი. 

მუშა მშენებლობაზე - Sputnik საქართველო
კალაძე მშენებლობის წესების გამკაცრების მომხრეა
შედეგად, აღნიშნული კომპანია უფრო მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე ქალაქის ბიუჯეტი.

თბილისის მერიამ „C.Т. პარკთან“ კონტრაქტი 2007 წლის დეკემბერში 2022 წლამდე ვადით გააფორმა. კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში მერიამ უნდა გადაიხადოს ჯარიმა, რომელიც გამოითვლება ფორმულის მიხედვით: 500 ათასი ლარი გამრავლებული კონტრაქტის გაწყვეტამდე არსებული თვეების რაოდენობაზე.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ქალაქის მერიას უკვე მოუწოდეს „C.Т. პარკთან“ კონტრაქტის გაწყვეტისა და 25 მლნ ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდისკენ.

კომპანია „C.Т. პარკი“ მთლიანად აკონტროლებს თბილისში პარკინგს და არასწორად პარკირების შემთხვევაში ჯარიმის გამოწერის უფლება აქვს. კონტრაქტის თანახმად, კომპანია თითოეული ჯარიმიდან 3 ლარს იღებს, თანხის დანარჩენი ნაწილი კომპანიასა და თბილისი მერიას შორის (40% — 60%-ზე) ნაწილდება.

„C.Т. პარკის“ მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში თბილისის მერიას კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0