თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. გიორგი ბარათელი, რომელსაც გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოსის, პარლამენტის დეპუტატ გურამ შარაძის მკვლელობისთვის 26 წელი ჰქონდა მისჯილი, თავისუფალია, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ბარათელის ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ.
გურამ შარაძე თბილისში მელიქიშვილის ქუჩაზე 2007 წლის მაისში მოკლეს. მას პისტოლეტიდან 5 ტყვია ესროლეს. ბარათელი იმავე დღეს დააკავეს. იმავე წლის ნოემბერში თბილისის სასამართლომ ბარათელი დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობაში, განზრახ მკვლელობის მცდელობაში, საპატრულო პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმაში, ექიმისთვის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების მიყენებაში და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში.
„მას 26 წელი მიესაჯა, 2012 წელს გამოცხადდა ამნისტია. მას ამნისტია შეეხო და ვადა მნიშვნელოვნად შეუმცირდა. მას დანაშაულთა ერთობლიობა ჰქონდა, ვადა ამის გამოც შეუმცირდა. ადამიანმა მოიხადა და გამოვიდა“, — განაცხადა ნოზაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო მოსმენების დროს ბარათელმა ბრალი სრულად აღიარა, შარაძის ოჯახს გამოძიების ოფიციალური ვერსიის არ სჯერა. მეტიც, დაღუპული აკადემიკოსის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე მიიჩნევს, რომ ეს „პოლიტიკური მკვლელობა“ იყო.
საპატიმროდან გამოსული ბარათელი საკუთარ დანაშაულს ახლაც აღიარებს.
”მე ბრალი აღიარებული მაქვს და სასჯელიც მოვიხადე. მე პირადად არავის არ ვადანაშაულებდი არანაირ ზეწოლაში. გასაგებია, რომ ოჯახი მე არ მთვლის დამნაშავედ. ოჯახთან მერე ვილაპარაკებ. გამოძიებასთან და პროკურატურასთან მე არ ვთანამშრომლობ”, — განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ბარათელმა.
გურამ შარაძე 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თანამოაზრე და თანამებრძოლი იყო. ის ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და პარტია „XXI საუკუნე — ენა, მამული, სარწმუნოებას“ თანათავმჯდომარე იყო. შარაძე სხვადასხვა რელიგიური სექტების საქმიანობის წინააღმდეგ გამოდიოდა.