თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ", რომლის თანახმადაც 226 პირია შეწყალებული, იტყობინება პრეზიდენტის პრეს-სამსახური.
„დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა შეწყალების მორიგი აქტი. შეწყალებულია 226 მსჯავრდებული, მათგან 141 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ხოლო 85 მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელები"- განაცხადა პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ.
შეწყალების კომისიამ 27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით 1406 პირის საქმე განიხილა.
ზვიად ქორიძის თქმით, შეწყალების აქტის საფუძველზე 226 მსჯავრდებულია შეწყალებული, მათგან 141 დღესვე დატოვებს დაწესებულებას. შეწყალების აქტი შეეხო 13 მსჯავრდებულ ქალბატონს და ორ არასრულწლოვან მსჯავრდებულს. 13 ქალბატონიდან 12 დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ხოლო ერთს სასჯელი შეუმცირდა.
"შეწყალებულთა შორის არის ერთი უვადო მსჯავრდებული, მას პრეზიდენტმა დაუდგინა გათავისუფლების თარიღი",-აღნიშნა ზვიად ქორიძემ.
პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.