თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოსახლეობას მთელ ევროპაში ტერაქტების რისკის გაზრდის შესახებ აფრთხილებს, განსაკუთრებით დღესასწაულების სეზონზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости უწყების განცხადებაზე დაყრდნობით.
„ამ გაფრთხილების მოქმედების ვადა 2018 წლის 31 იანვარს იწურება", — აღნიშნულია განცხადებაში, რომელშიც ამერიკელებს ურჩევენ, ყურადღებით იყვნენ სადღესასწაულო ღონისძიებების დროს.
სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ „ცოტა ხნის წინანდელი ინციდენტები საფრანგეთში, რუსეთში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთსა და ფინეთში აჩვენებს, რომ ტერორისტულ დაჯგუფებებს — „ისლამური სახელმწიფო", „ალ-ქაიდა" და მათ თანამოაზრეებს ევროპაში ტერაქტების დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობა აქვთ".
„მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლებები განაგრძობენ კონტრტერორისტულ ოპერაციებს, სახელმწიფო დეპარტამენტი მაინც შიშობს, რომ მომავალში შესაძლოა შეტევები განხორციელდეს", — აღნიშნულია განცხადებაში.