თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. იტალიის ქალაქ ტურინის სადეპორტაციო ცენტრში ბუნტის დროს საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან, არ არის ინფორმაცია ასევე დაღუპულთა შესახებ, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ტელეკომპანია Rustavi2-მა ხუთშაბათს ტურინში მცხოვრებ საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სადეპორტაციო ცენტრში მოხდა ბუნტი, რომლის დროსაც საქართველოს 23 წლის მოქალაქე დაიღუპა, კიდევ ერთი კარცერშია მოთავსებული.
„აღსანიშნავია, რომ საკონსულო სამსხურისთვის ცნობილი იყო ქალაქ ტურინის სადეპორტო ცენტრში მომხდარი ბუნტის თაობაზე და უკვე 14 ნოემბერს შედგა სატელეფონო საუბარი ტურინის საიმიგრაციო სამსახურთან ბუნტის თაობაზე ინფორმაციის მოძიების მიზნით, რა დროსაც საკონსულოს ეცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ემუქრება საფრთხე. არ დაადასტურეს ბუნტის დროს გარდაცვალების ფაქტი", — აღნიშნულია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ხუთშაბათს ვინმე გ. წ. ტელეფონით დაუკავშირდა იტალიაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს და კვლავ შეატყობინა, რომ ბუნტის დროს დაიღუპა ქართველი, რომელსაც აზერბაიჯანული პასპორტი ჰქონდა.
სატელეფონო საუბრის შემდეგ საკონსულო სამსახურმა კვლავ გადაამოწმა ინფორმაცია, მაგრამ გ. წ.-ს მოწოდებული ცნობები კვლავ არ დადასტურდა.
ამასთან, გ.წ.-მ სატელეფონო საუბრისას ითხოვა შეხვედრა საკონსულოს თანამშრომელთან. ამ მოთხოვნის შესაბამისად, საკონსულოს წარმომადგენელი უკვე გაემგზავრა ტურინში, ხოლო იტალიის შესაბამისი ორგანოების მხრიდან სადეპორტო ცენტრში ვიზიტის განხორციელების ნებართვის მიღების შემდეგ მოინახულებს მოქალაქეს.